მნიშვნელოვანისიახლეები

121 არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტს უწოდებენ

121 არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტს უწოდებენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ “სინამდვილეში ისინი არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებებს”:
“ამ ადამიანებმა საზოგადოებას თავი გააცნეს, როგორც ორმაგი სტანდარტის აქტორებმა, ვინაიდან, როცა უნდათ აძაგებენ კონსტიტუციას, ხოლო როცა უნდათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და ფარსი მათი მხრიდან. კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ისინი არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შესაბამის შეფასებას მისცემს მათ ჩვენი საზოგადოება არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სუბიექტები არ არიან, ვხედავთ რომ ისინიც ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში უცნაურს უწოდებენ.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულად შესაბამისობაშია, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და მისივე თქმით, წარმოუდგენელია სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს:
“რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, სულ რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დარღვევაში ამხილა და მან ძალიან მძიმე შეფასებები გამოიყენა, როგორც სასამართლოს, ასევე კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ჩვენს მიერ მიღებული ქართული გამჭვირვალობის კანონი სრულად შესაბამისობაშია, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. წარმოუდგენელია სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს ამ სტანდარტების გათვალისწინებით,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

რუსული კანონის წინააღმდეგ NGO-ების სარჩელი მზადაა

კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში. თავის დროზე, როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოვიტანეთ. ამიტომ არ ვაპირებთ საერთოდ საჩივარის შეტანას. ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, რადგან პრეზიდენტი ვეტოს როდესაც ადებდა ამ კანონს, იქ მთელი ამბავი იყო ატეხილი, ღმერთმა დაგვიფაროს და, ვეტოს დოკუმენტში რამე შენიშვნა ჩავწეროთ, რომ შემთხვევით „ქოცებმა“ არ გაითვალისწინონ და ახლა საკონსტიტუციოში ფაქტობრივად საუკეთესო გამოსავალს აძლევენ, თუ კი რაიმე შანსი არსებობს და ბიძინა ივანიშვილს უნდა, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, ეს აგენტების კანონი უკან გაიწვიოს ან შეცვალოს, იდეალური ინსტრუმენტი ჩაუვარდებათ ხელში, რადგან საკონსტიტუციო ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მერე გმირულად ამას აღასრულებს პარლამენტი და იტყვიან, გვაქვს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კონტროლი ძალაუფლების ხელისუფლების შტოებს შორის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სარჩელი ბუნებრივი პროცესია, მაგრამ პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ წარსულ განცხადებებზე.
„არასამთავრობოების სარჩელი კიდევ შემიძლია გავიგო. ისინი ფულს იღებენ, რომ ასეთი სარჩელები წერონ. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი. ან, ბოლოსდაბოლოს, სამსახურეობრივი მოვალეობა, შეიძლება, უბიძგებდეთ მათ, რომ ეს გააკეთონ, ეს ერთი; მეორე, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვთ ამ ნაწილში. პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვთ, თუნდაც თავიანთ წარსულ განცხადებებზე და ასე უპასუხისმგებლოდ რომ უდგებიან თავიანთ წარსულ განცხადებებს, ეს უკვე პრობლემაა, თორემ „ენჯეოები“ რომ მიდიან სასამართლოში, ეს ბუნებრივი პროცესია მათთვის“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ. ამასთან, მესამე სექტორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება.

მათივე თქმით, პარალელურად, მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

121 არასამთავრობო ორგანიზაციას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button