მნიშვნელოვანისაქართველო

10 სპეცრაზმელს უფლებამოსილება შეუჩერდა

20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევაში მონაწილე 10 სპეცრაზმელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა.

სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის შესახებ მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ორი სამართალდამცავის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, რაც გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი – აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას. შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button