მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება” – პაატა იმნაძე

“დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ყველაფერი კეთდება, რათა დაწესებული შეზღუდვები პოლიტიკასთან კავშირში არ იყოს.

„ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ აღქმაშიც არ იყოს, რომ ეს არის პოლიტიკურთან რაიმე კავშირში. ამ გზით უნდა ვიაროთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები დავაწესოთ. დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ ეს არის რეალობა. დღეს 125 ავად გამხდარისგან ერთი იღუპება. რომ გადავითვალოთ, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“,- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში კი გავრცელება მართვადი იქნება.

„ეს პრობლემა მთელ დედამიწაზეა და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს იმით, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთამენთისგან დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც თითო-ოროლა არის, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება. სხვა არაფერი არ მოუგონებია კაცობრიობას დისტანციის და ნიღბის გარდა. თუ ამას დავიცავთ, კორონას გავრცელება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button