128 გარდაცვლილი – საფრანგეთში გლოვაა
პარიზში ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 128 ადამიანია დაღუპული, თუმცა საბოლოო რიცხვი ჯერ დაზუტებული არ არის.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, აიღო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, ამ თავდასხმებს საომარი მოქმედება უწოდა, რომელსაც, მისივე შეფასებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უცხოეთიდან მართავს.
აფეთქებები პარიზში დაიწყო 13 ნოემბერს, გვიან ღამით, ცენტრალურ სტადიონზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, ესწრებოდა.
ექვსი აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა სტადიონთან, ბატალკანის საკონცერტო დარბაზთან და პარიზის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაწილებში, კაფეებსა და რესტორნებთან. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ეს ევროპაში მომხდარი ყველაზე დიდი ტერაქტია 2004 წელს მადრიდში მატარებლის აფეთქების შემდეგ, სადაც 191 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარს გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პირველი პირები.
საფრანგეთში მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. წერილობით განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა:
„ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთლი ცივილიზებული მსოფლიოს ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო, მეორე მხრივ, გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების, ტერორიზმის, წინააღმდეგ“.
ასევე წერილობით მიუსამძიმრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და ფრანგ ხალხს და პარიზში მომხდარს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უწოდა:
„ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, პარიზის ტერაქტების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტზე, ასევე სტრატეგიულ ობიექტებზე გამკაცრდა.
რადიო “თავისუფლების” მასალები