მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

13 ივნისის ტრაგედია

13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მეხანძრე-მაშველებმა პატივი მიაგეს და ტრაგედიის დროს გარდაცვლილი თანამშრომელი, ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მემორიალთან სიმბოლურად, ზუსტად იმ დროს მივიდნენ, როცა მასთან 5 წლის წინ უკანასკნელად ჰქონდათ კონტაქტი. ზურაბ მუზაშვილმა სტიქიის ეპიცენტრში 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე და უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ივანიშვილი.

“13 ივნისის ტრაგედიიდან 5 ნელი გავიდა. ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი გმირი ზურა მუზაშვილის ხსოვნისადმი და ასევე, 13 ივნისს გარდაცვლილთა სულთათვის. ზურას სიცოცხლის ბოლო წუთები ერთად გავატარეთ. მას სიცოცხლე ჩემს თვალწინ წაერთვა და სამწუხაროდ, მე მისი დახმარება ვერ მოვახერხე. ის ვაჟკაცობის ნათელი მაგალითი იყო.” – განაცხადა მეხანძრე-მაშველმა ლევან კალაძემ.

შეგახსენებთ, ზუსტად 5 წლის წინ, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button