13 კლინიკა მზადაა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს-ექიმების პროტესტი გრძელდება
კლინიკების შეთავაზება მედიკოსებს – ექიმების პროტესტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს. ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო კლინიკები:
• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი
• კავკასიის მედიცინის ცენტრი
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
• იმედის კლინიკა
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. მოთხოვნები უცვლელია. საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი მედპერსონალი უკვე 10 დღეზე მეტია კლინიკის შენობის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ექიმები მთავრობის ბრძანებულების გაუქმებას ელოდებიან.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მსჯელობენ, როგორ გამოიყენონ კლინიკის რეორგანიზაციის და შენობების დანგრევის ერთი თვით გადავადება და მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. პროცესის შესაჩერებლად ექიმებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
“მე პირადად, 10 წელზე მეტია, აქ ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც 35, 40 წელია აქ მუშაობენ, შესისხლხორცებულები არიან ამ კლინიკასა და კოლექტივს. ანუ, ამ კოლექტივის დაშლა და კლინიკის დანგრევა, რომელიც სჭირდება თბილისსა და საქართველოს, ეგ არის, პირველ რიგში, მიუღებელი და არა სამსახურს ვიპოვი თუ არა, ეგ არის უკვე მეათასეხარისხოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც აპროტესტებს. მოთხოვნა არის ერთადერთი – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საავადმყოფოს არდაკეტვა, არა დემონტაჟი,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქირურგი გივი პისაევი.
ექიმები მოითხოვენ გაუქმდეს საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება და, საჭიროების შემთხვევაში, შენობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს.
საავადმყოფოს გარშემო განვითარებული ამბების შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
“ბრძანების შეჩერების შესახებ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და გაგრძელდება ბოლომდე, ყველა ეტაპის გავლით. ამავდროულად გაგრძელდება საპროტესტო აქციები, სანამ არ იქნება მიღწეული ჩვენი ძირითად მოთხოვნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ… არ არის მომზადებული სატენდერო პირობები ტენდერის შესახებ, რომელიც რესპუბლიკურის ახალი შენობის აშენებას გულისხმობს ამ ადგილზე. მოგეხსენებათ, რომ ამ ადგილზე ტენდერების განხორციელებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. რატომ გვყრიან 654 ადამიანს ამ შენობიდან,” – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.
ექიმები ასევე ამბობენ, რომ პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მათ შეუერთდებიან პაციენტებიც.
რეორგანიზაციამ ერთი თვით გადაიწია და 15 მარტამდე გადაინაცვლა. სწორედ ეს დრო აქვთ დასაქმებულებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაითხოვენ. რეორგანიზაცია საავადმყოფოს 650 თანამშრომელს შეეხება.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, “თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს”.
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”.
მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. მათ რამდენიმე აქცია გამართეს და სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.
შეგახსენებთ ექიმების პროტესტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამასთან, 13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს. ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო კლინიკები.