ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – მასშტაბური აქციები 10 სექტემბრიდან გაგრძელდება
საქართველოს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 10 სექტემბრიდან მასშტაბური აქციები გაგრძელდება. აქციაზე მისულების მტკიცებით, ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებები შლიან, აყალბებენ და გამოძიება არასწორი მიმართულებით მიჰყავთ.
„პირველ რიგში, სუს–მა უნდა გამცეს პასუხი, ეს მანიაკური მკვლელობა მაგათი ჩვევაა. რატომ გაჭიანურდა? არცერთ მოთხოვნაზე პასუხი არ არის. ყველაფერს ცდილობენ, რომ გააყალბონ. სუს–ის მანქანები რომ მოყვება, აი იქაც წაშლილია, შემდეგ ორი მანქანა გვერდზე უდგება, ერთი უკან მიყვება, ალყაში ჰყავთ უკვე ბავშვი მანქანით, მეორე მანქანა ისე გადაუდგა, რომ არ წამოვიდეს თბილისისკენ და ზემო ფონიჭალისკენ წავიდა. ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო პასუხები და თვენახევარი გავიდა.
10 სექტემბრიდან გაგრძელდება მასშტაბური აქციები. 12 მტკიცებულება დევს საქმეში და არცერთზე პასუხი არ არის. ყველაფერს შლიან, აყალბებენ, მოწმეებს აშინებენ, სახლებში დადიან, ეს არ თქვათ, ეს თქვითო. თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ამ შეხვედრებზე. მაგათი მიმართულებაა, რომ თავი მოიწამლა. ეს არის ზღაპარი“, – აცხადებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ბაჩალიაშვილების მოწყობილ აქციაზე სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მისული იყო პანკისში, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
„სოლიდარობას ვუცხადებ ამ ოჯახს და ყოველთვის მათ გვერდში ვიქნები, სანამ ისინი არ მიაღწევენ სამართლიანობას, ასევე, სისტემის მიერ დაჩაგრული ყველა ადამიანის გვერდით ვიქნები ყოველთვის. მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვი არის მოკლული. მის სიკვდილში ხელი ურევია პირდაპირ სუს–ს, დღევანდელი ხელისუფლების ხერხემალი სუს–ია. დღევანდელ ქვეყანაში პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს, ასრულებენ მხოლოდ ბინძურ დაკვეთებს.
ამ ბრძოლის მოგების ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი ხალხი, რომელსაც სხვის გასაჭირზე შესტკივა გული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.