საქართველოში და მსოფლიოში Covid 19-ის შემთხვევებმა მოიმატა

საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო დღეებში მოიმატა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1253-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც Covid 19 ყველაზე მეტად არის გავრცელებული, შემდეგი მდგომარეობაა:
ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა ინდოეთში. გასული დღე-ღამის მანძილზე 68 770 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში სულ 3 687 939 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა 818-ით გაიზარდა და ჯამში 65 435 შეადგინა. ჯამურად გამოვლენილი რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება.
გასული დღე-ღამის მანძილზე გამოვლენილი შემთხვევებით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 48 590 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, 616 პაციენტი კი გარდაიცვალა. Covid 19-ით დაინფიცირებულთა დადასტურებული ჯამური რაოდენობა 3 910 901 ადამიანია. ამ მაჩვენებლით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით უკვე დიდი ხანია პირველ ადგილზე აშშ-ა. გასული დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში 38 560 შემთხვევაა დადასტურებული, 512 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯამურად, შეერთებულ შტატებში სულ 6 211 796 ინფიცირებულია გამოვლენილი, საიდანაც 187 736 გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია. გასული დღ-ღამის მანძილზე 4 729 შემთხვევაა დადასტურებული, 123 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ, რუსეთში 1 000 048 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 17 299-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – სომხეთში 31 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალების ფაქტია დადასტურებული. ჯამურად, ქვეყანაში 43 781 ინფიცირების და 879 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში 126 ახალი შემთხვევა და 3 გარდაცვალებაა დადასტურებული. სულ, 36 435 ინფიცირებულია გამოვლენილი და 534 გარდაცვლილი.