მნიშვნელოვანირეგიონი

14 წლის გოგონას მკვლელი თავს დამნაშავედ არ თვლის- აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მსჯავრდებული უვადო პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გამოძიების მიმდინარეობისას 14 წლის გოგონას მკვლელი თავს დამნაშავედ არ თვლიდა- აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მსჯავრდებული უვადო პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ინფორმაციას ასიმ სადიკოვის ადვოკატი, ლევან მამუკელაშვილი ადასტურებს:

„გასაჩივრების საკითხი ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილი გვაქვს, უბრალოდ ველოდებით დასაბუთებული განაჩენის ჩაბარებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას. გამოძიების მიმდინარეობისას ის თავს დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში არ თვლიდა“-განაცხადა მამუკელაშვილმა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს თელავის რაიონული სასამართლო 10 თვის განმავლობაში განიხილავდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ესწრებოდა მოკლულის მამა, ისა შახმაროვი.

„მართალია, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ განაჩენი გამიხარდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ საქმეს იძიებდა. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია“, – აღნიშნა შახმაროვმა.

გამოძიების მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა, ასიმ სადიკოვმა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა,
მოზარდის წინააღმდეგობისა და გაქცევის არაერთგზის მცდელობის შემდეგ კი, ნათესავის ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, 150-ე პრიმა მუხლი, ქორწინების იძულება, 140-ე მუხლი, სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გაასამართლეს.

14 წლის აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს იხდიან გოგონას დედა და ბიძაც.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ,. ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, დედას 3 წლით, ხოლო ბიძას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარდგენლი აქვთ აითაჯ შახმიროვას მკვლელობისათვის მსჯავრდებულის ბიძას და ბიძაშვილს. საქმე თელავის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცმა გოგონა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართლადამცავებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს.

უვადო თავისუფლების აღკვეთა ასიმ სადიკოვს სასამართლომ, 2 ივლისს მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button