150 მილიონი დევნილებისთვის და იპოთეკის 4%-ით სუბსიდირება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დევნილი 1 800 ოჯახი კუთვნილ ბინებს 3 წლით ადრე მიიღებს. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამისთვის წლის ბოლომდე, 150 მილიონი ლარი გამოიყოფა:
“მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისათვის, დამატებითი 1 800 ოჯახისთვის, 3-ჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 6 ათასი ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას”. – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს იქნება პირდაპირი დახმარება სამშენებლო კომპანიებისთვის ლიკვიდობით და ამას გარდა, – დახმარება დევნილებისთვისაც, როგორც სოციალური ჯგუფისთვის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.
“ბოლო თვეების განმავლობაში, ამ კრიზისის პერიოდში, ჩვენ კონკრეტული დახმარებებით, ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე და ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ”. – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ასევე, “საქართველოს მთავრობა ყველა იმ იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დააფინანსებს კონტრაქტებზე, რომლებიც წლის ბოლომდე დაიდება, ხუთი წლის განმავლობაში”. – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
„რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.