150 წლის კუ სამუდამოდ დააძინეს [Video]
გალაპაგოსის გიგანტური კუ, ზედმეტსახელად „სწრაფი“ (Speed), რომელიც 1865 წელს დაიბადა, სან-დიეგოს ზოოპარკის ვეტერინარებმა სამუდამოდ დააძინეს.
1933 წელს, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების დაცვის პროგრამით, „სწრაფი“ სან-დიეგოს ზოოპარკში დაასახლეს.
ზოოპარკის მუშაკებმა ბოლო ხანს შენიშნეს, რომ კუ ძალიან დაუძლურდა. მას მოხუცების თანმხლები ბევრი დაავადება აღენიშნებოდა, განსაკუთრებით, ართრიტი. ექიმებმა მას წამლებიც დაუნიშნეს, ფიზიოთერაპიის და აკუპუნქტურის კურსებიც ჩაუტარეს, მაგრამ საბოლოოდ „სწრაფის“ სამუდამო დაძინება გადაწყვიტეს.
სან-დიეგოს ზოოპარკში კიდევ 13 გალაპაგოსის კუ ბინადრობს. დაცვის პროგრამის ფარგლებში, ცხოველები, მათ რიცხვში „სწრაფიც“, 90 გალაპაგოსის კუს მშობლები გახდნენ, რომლებმაც მსოფლიოს მრავალ ზოოპარკში დაიდეს ბინა.
გალაპაგოსის კუ ან გალაპაგოსის გიგანტური კუ (ლათ. Chelonoidis nigra) — კუების უმსხვილესი სახეობა და მე-10 უდიდესი რეპტილია, რომლის წონაც 400 კგ-მდეა, სიგრძე კი 1,8 მეტრამდე აღწევს. ამ სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს აღემატება და ყველაზე დღეგრძელ ხერხემლიანს წარმოადგენს. ერთ-ერთმა დატყვევებულმა ინდივიდმა 170 წელი იცოცხლა.
კუები გალაპაგოსის შვიდ კუნძულზე ბინადრობენ. ეს ვულკანური კუნძულები წყნარ ოკეანეში, კონტინენტური ეკვადორის სანაპიროდან 1 000 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. კუნძულები XVI საუკუნეში ესპანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს და სახელი სწორედ ესპანური სიტყვა კუს (galápago) მიხევდვით უწოდეს.
ბაკნის ზომა და მოყვანილობა სახეობებს შორის იცვლება. კუნძულების ტენიან მთიანეთში, კუები უფრო დიდები არიან, გუმბათისებრი ბაკნითა და მოკლე კისრით, მშრალ დაბლობებში კი შედარებით პატარები, უნაგირის მსგავსი ბაკნითა და გრძელი კისრით. 1835 წელს, ამ განსხვავებებს თავის მეორე მოგზაურობის დროს ჩარლზ დარვინი იკვლევდა, რაც მას ასევე დაეხმარა თავისი ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებაში.
XVI საუკუნეში კუების რაოდენობა 250 000-ზე მეტი იყო, თუმცა ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა და 1970-იანი წლებისთვის დაახლოებით 3 000 შეადგინა. ასეთი შედეგის მიზეზი კუების საკვებად გამოყენება იყო.
თავდაპირველი 15 ქვესახეობიდან, 10-ია დარჩენილი. მეთერთმეტე ქვესახეობის ერთადერთი, უკანასკნელი წარმომადგენელი, ზედმეტსახელად „ეული ჯორჯი“, 2012 წელს მოკვდა. კონსერვაციის მცდელობები XX საუკუნეში დაიწყო, რაც ათასობით პატარა კუს ხელოვნურად გამოყვანა-გამოკვებასა და შემდეგ კუნძულზე გაშვებას მოიცავს; შედეგმაც არ დააყოვნა და XXI საუკუნის დასაწყისში, კუს ამ სახეობის ინდივიდების რაოდენობამ, 19 000-ს მიაღწია. ასეთი შედეგის მიუხედავად, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) კუს ამ სახეობას მოწყვლადი სახეობის კლასიფიკაცია მიანიჭა.