მნიშვნელოვანისიახლეები

18 მარტს, 17:50 საათზე მზია ამაღლობელის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე სალიხ შაინიძე გამოაცხადებს

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძე საბოლოო გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრება საპატიმროდან.

ასევე სხდომას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – ნორვეგიისა და დანიის საელჩოს თანამშრომლები.

“ბატონო მოსამართლე, საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. […] სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია. […] საუბარი იყო, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა”, – თქვა მზია ამაღლობელმა პროცესზე.
„სასამართლო სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მხარეებს აცნობებს, რომ საქმეზე საპროცედურო ნაწილის დადგენილება გამოცხადდება 18 მარტს, 17:50 საათზე, შესაბამისად, საქმის განხილვას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა მოსამართლემ.

მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.

საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს. მან შიმშილობა კოლეგებისა და მხარდამჭერების არაერთი მოწოდების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების რისკის ფონზე, შეწყვიტა. მოგვიანებით ის საპატიმროში დააბრუნეს. ასობით ქართველი თუ უცხოუელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი ორგანიზაცია, ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მთავრობა და მათი წარმომადგენლები ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button