რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო. სარაკეტო დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ქალაქის და ოლქის მცხოვრებთ თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სამშობიარო პალატა, საბავშვო ბაღი და ათობით სახლი. ხარკოვის დაბომბვის შემდეგ საჰაერო განგაში უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებშიც გამოცხადდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, „გრადით“ და მძიმე არტილერიით იერიშის შედეგად დაზიანებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი, მაღაზიები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
გვიან ღამით ოკუპანტებმა მორიგი შეტევა მიიტანეს ხერსონზე. ბოლო ინფორმაციით, დაბომბილია საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. უკრაინულ მედიაში წერენ, რომ არავინ დაშავებულა, თუმცა შენობაში 5 პაციენტი იმყოფებოდა.
“დაბომბეს ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა. შეტევამდე ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოახერხეს,” – წერს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 33 რაკეტა ისროლეს.
უკრაინელების მიერ ახლად გათავისუფლებულ ჩორნობაივკაში პოლიციამ 18 მოკლული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.
რუსეთის ძალები საარტილერიო ცეცხლით უტევენ უკრაინელთა პოზიციებს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, ბახმუტსა და ავდეევკაში, დონეცკის რეგიონში, სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი 28 დეკემბერს.
პარალელურად, გაერომ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემი, სადაც წერია, რომ რუსეთის ომს უკრაინაში 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 11 000-ს აღწევს.