მორავიეცკის თქმით „მცირე კოალიციას“ შექმნის თუ გერმანია უკრაინას არ დაეხმარება
უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ამორალურია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით თანახმა არ იქნება, მაშინ მისი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების „მცირე კოალიციას“ შექმნის, რომლებიც მზად არიან უკრაინას ტანკები და სხვა აღჭურვილობა გაუგზავნონ, გერმანიის მონაწილეობის გარეშე, თუ შოლცის მთავრობა არ დათანხმდება ამ ჯავშნის გადაცემას .
„თუ გერმანია არ დათანხმდება ლეოპარდების გადაცემას [უკრაინისთვის], მაშინ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებიც მზად არიან გაუზიარონ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას. ჩვენ არ ვუყურებთ უკრაინაში სისხლისღვრას… უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს – გერმანიასთან ერთად, თუ მის გარეშე. ახლა გერმანიაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა შეუერთდნენ მისიას და შეაჩერონ რუსული ბარბაროსობა, თუ აირჩიონ, რომ ჩუმად უყურონ და ისტორიაში შევიდნენ, როგორც არასწორ მხარეს მყოფნი”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP ავრცელებს.
მედიის ცნობით, მორავეცკიმ “რამშტეინ 8-ის” შეხვედრაზე Leopard 2-ის ტანკების გადაცემის შესახებ გერმანიის საქციელი გააკრიტიკა და თქვა, რომ პოლონეთის მთავრობის მეთაურს არ ესმის, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბერლინმა „თვალები გაახილოს და გერმანიის პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება“.
მისივე განცხადებით, პოლონეთი პასიური ვერ იქნება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უკრაინა და ევროპა მოიგებს ომს გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე.
„თითქმის ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან… რუსული არმიის ომის დანაშაულების მტკიცებულება შეგიძლიათ ტელევიზორში და YouTube-ზე ნახოთ. მეტი რა სჭირდება გერმანიას, რომ გაახილოს თვალები და გერმანიის სახელმწიფოს პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
მორავეცკიიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უარყოფს, რომ გერმანია ბლოკავს გერმანული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემას, მას სურს მოისმინოს მკაფიო განცხადება, რომ ბერლინი მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ იანვრის დასაწყისში ლვოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვარშავა მზადაა უკრაინას გადასცეს 14 “ლეოპარდ 2” ტიპის ტანკი მოკავშირეთა ფართო კოალიციის ფარგლებში.
რამშტეინის შეხვედრის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემას, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადონ „იმ დღისთვის, რომელიც შეიძლება დადგეს“.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ამორალურია. გიტანას ნაუსედას კონკრეტულად არ დაუსახელებია გერმანია, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის შესაძლო პროვოცირების მიზეზით მძიმე ტექნიკის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება უკრაინელებს მოქალაქეთა სიცოცხლის ფასად უჯდება.
„მე შემიძლია, მხოლოდ მწუხარება გამოვხატო, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ, იგვიანებს. შეიძლება, ბევრი მიზეზი ჩამოთვალო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების შეხედულება სხვადასხვაა, რომ შესაძლოა, არ გსურდეს, მოახდინო იმ ქვეყნის პროვოცირება, რომელიც დღეს ბინძური ჩექმით მიცოცავს უკრაინის ტერიტორიაზე, ვფიქრობ, ეს არასწორია. უპირველეს ყოვლისა, ეს ამორალურია, რადგან ყოველი დღე ძვირი ჯდება, ეს ძვირად ფასობს უკრაინელებისთვის, ეს ეხება ყველაზე ძვირფასს – ადმიანის სიცოცხლეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
შეგახსენებთ, რომ ბერლინი ამ დრომდე უარს ამბობს უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე.