
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის მეორე პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი 2 მილიარდი დრამი გირაოს სანაცვლოს გაანთავისუფლა.
18 ივნისს, სომხეთის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე არსენ ნიკაგოსიანის თავმჯდომარეობით, განიხილა სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის ადვოკატების საჩივარი ქალაქ ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიერ კოჩარიანის პატიმრობიდან განთავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე და 2 მილიარდი დრამი (~4,2 მლნ $) გირაოს სანაცვლოდ, მისი გათავისუფლების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ექს-პრეზიდენტის ოფისის თავმჯდომარე ვიქტორ სოგომონიანმა რობერტ კოჩარიანის ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე, ოფისში ასეულობით მოქალაქემ დარეკა და გირაოს თანხის გადახდაში დახმარების სურვილი გამოთქვა.
“რამდენიმე მსხვილმა მეწარმემ და ქველმოქმედმა, რომელთა სახელებსაც ჩვენ უახლოეს დროში გამოვაქვეყნებთ, გირაოს თანხის გადახდაში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა.” – ნათქვამია სოგომონიანის განცხადებაში.
“aysor.am”-ის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ საღამოს 2 მილიარდიანი გირაოს გადახდის შემდეგ, რობერტ კოჩარიანმა სამედიცინო ცენტრ “იზმირლიანში” აუცილებელი პროცედურები გაიარა და ამჟამად, სახლში იმყოფება.