ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ამა თუ იმ გზით ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ აშშ-მა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი „ლეოპარდების“ გაგზავნაზე უარს იტყოდა.
გამოცემის თანახმად, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „აბრამსები“ ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. თანამოსაუბრეებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, პოლონეთი მზადაა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს, თუ NATO ნებას დართავს.
ერმაკის ცნობით, მოლაპარაკებები საბრძოლო თვითმფრინავების მიღებასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს.
“F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებაზე მუშაობა გრძელდება, არის პოზიტიური სიგნალები პოლონეთიდან, რომელიც მზადაა NATO-სთან კოორდინაციით [F-16] გადმოგვცეს. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები – მშვენიერი კომპანიაა რუსი მტრების სასუქად გადაქცევისთვის”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გუშინ, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით, F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაკარგონ დრო და უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდონ.
24 იანვარს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა დაიწყეს მუშაობა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.
მანამდე საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე განცხადება გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმაც.
გარდა ამისა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე გაზრდის.
როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანა უფრო მეტს დახარჯავს თავისი ეკონომიკის პროპორციულად, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები.
“უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ, სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ უპრეცედენტო ძალისხმევას გავაკეთებთ – მშპ-ს 4% პოლონეთის არმიისთვის”, – განუცხადა მორავიეცკიმ ჟურნალისტებს.
პოლონეთმა 2022 წელს აღნიშნული მიმართულებით, მშპ-ს 2,4% უკვე დახარჯა – მესამე ყველაზე მაღალი პროცენტი ნატოს ალიანსის ქვეყნებს შორის.
2022 წელს საბერძნეთმა დახარჯა მშპ-ს უდიდესი წილი თავდაცვაზე, 3,76%-ით, ვიდრე ნატოს ნებისმიერმა სხმა მოკავშირემ. მას მოჰყვება აშშ 3,47%-ით, ვაშინგტონმა 822 მილიარდი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე აბსოლუტური მაჩვენებლებით – ორჯერ მეტი თანხა თავდაცვაზე, ვიდრე სამხედრო ალიანსის ყველა სხვა სახელმწიფომ ერთად.
ამჟამინდელი მიზნების მიხედვით, ნატოს ალიანსის წევრებს მოუწოდებენ, მიაღწიონ ნიშნულს, რომლის თანახმად, 2024 წლისთვის მშპ-ს მინიმუმ 2% -ის ხარჯვა თავდაცვაზე.
პოლონეთი, ლიეტუვა და ბრიტანეთი ვარაუდობენ, რომ უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გათვალისწინებით სამიზნე უფრო მაღალი უნდა იყოს.
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სამხრეთ კორეას უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს.
“მე მოვუწოდებ კორეის რესპუბლიკას, განაგრძოს და გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის კონკრეტული საკითხი.
საბოლოოდ, გადაწყვეტილება თქვენია, მაგრამ მე ვიტყვი, რომ NATO-ს რამდენიმე მოკავშირემ, რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკა, რომ არ გაეტანათ იარაღი კონფლიქტის ქვეყნებში, შეცვალეს ეს პოლიტიკა”, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, შვედეთი და ნორვეგია, მსგავსი პოლიტიკა ჰქონდათ, მაგრამ შეცვალეს.
“თუ ჩვენ არ გვინდა, რომ გაიმარჯვოს ავტოკრატიამ და ტირანიამ, მაშინ მათ [უკრაინელებს] იარაღი სჭირდებათ, ეს არის რეალობა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სეოკ იოლმა თქვა, რომ მისი ქვეყნის კანონი კონფლიქტში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას ართულებს.