მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დარღვევა დაუდგინა

20 ივნისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა ანუ წამების აკრძალვა. სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ, სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს აქციებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც 26 პირის ფაქტობრივ გარემოებებს აერთიანებს. ეს ადამიანები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს არიან დაზარალებულები. მათგან 22 პირის ინტერესებს წარმოადგენდა საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. 22 ადამიანს შორის არიან: მშვიდობიანი აქციის მონაწილე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი.

წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლის დარღვევებზე დაობდა.

საია-მ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტურობა, რაც მათ შორის ვლინდებოდა, გაჭიანურებულ გამოძიებაზე, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საია-ს არგუმენტები და დაადგინა მესამე მუხლის ანუ წამების აკრძალვა და ამასთან ერთად, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს საბოლოოდ 153 600 ევროს გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დადგინდა დარღვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა; სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მოუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირები პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი. არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიის და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადები არიან, რაც ამ საქმეზე ასევე პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის შეფასებით, თუ სახელმწიფომ ეფექტიანად არ აღასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც არ სცემს პატივს მის გადაწყვეტილებებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დანარჩენ მუხლებზე (გარდა მე-3 მუხლისა) მსჯელობა გადადო იმ დროისთვის, როდესაც გამოძიება ეფექტიანად დამთავრდება. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ ეს გამოძიების წარმართვას ხელს არ უშლის. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, როგორც ნება ისე კონკრეტული შედეგები, რომ გამოძიება წინ მიდის. თუ ეს არ გააკეთა გამოვა, რომ ეს გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დარჩება ღიად და ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, მოველით, რომ საქართველო ამას სწრაფად აღასრულებს“,- განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.
ორგანიზაციის ცნობით, დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 22 ადამიანის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად აწარმოებდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა, შეფასებები გაკეთდა პარტია “საქართველოსთვის” ოფისში.

ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც თავად ამბობდნენ.

“20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა.

ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რაც არ ყოფილა, არც გახარიას უნდა ავკიდოთ, არც მეზვრიშვილს და არც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ამაზე ჩვენ ავიღეთ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აგვიღია, იმიტომ რომ არ გვეკუთვნის. ვის რაზე ეკუთვნის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რა დადგინდება, ეს გამოძიების დასადგენია,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

სტრასბურგის სასამართლოში დავობდნენ ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაზე და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ერთ მუხლთან მიმართებაში, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ გამოძიების ეფექტიანობის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის განმარტებით, საქმე შეეხებოდა 20 ივნისის აქციების დროს სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს და ძალას.

„ეს გადაწყვეტილება სახელმძღვანელო არის უფრო ფართო კონტექსტშიც, ზოგადად როდის აქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს, გამოიყენოს ძალა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ როდესაც პროტესტანტები, დემონსტრანტები ახდენენ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას, არის მცდელობა, გაარღვიონ პოლიციის კორდონი და სახელმწიფო უწყებებზე მოხდეს ძალადობრივი თავდასხმა, ამ შემთხვევაში საუბარია პარლამენტის შენობაზე, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, გამოიყენოს ძალა. უფრო მეტიც, როდესაც ცალკეული დემონსტრანტების მხრიდან ხდება განსაკუთრებით ძალადობრივი ფორმების გამოყენება, თუ სამართალდამცავს გაუჩნდება განცდა, საფრთხე ექმნება საკუთარ ან სხვების სიცოცხლეს, ამ საფრთხის ასარიდებლად ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რეზინის ტყვიების გამოყენებაც კი იყოს გამართლებულიო, ეს არის ევროპული სასამართლოს შეფასება“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოუწოდა, გამოძიება დროულად დასრულდეს და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს.

„რაც შეეხება იმ ნაწილს, რა ნაწილშიც დარღვევა დადგინდა, ესაა გამოძიების საკითხი. ვიდრე გამოძიების ხარვეზებზე ყურადღებას გავამახვილებდე, ვიტყვი, რომ ევროპულმა სასამართლომ პოზიტიურად შეაფასა გარემოება, რომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ და წარმართა პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო. აგრეთვე, საუბარია, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა კოვიდ პანდემიას და გასათვალისწინებელია, რომ ეს პერიოდი გაიწელა. პოზიტიურად არის შეფასებული, რომ დაზარალებულთა უმეტესობას მიენიჭა შესაბამისი სტატუსი. ყურადღება გამახვილებულია გამჭვირვალობაზე, რომ მიუხედავად იმისა, საქმეში იყო გრიფიანი მასალები, სახალხო დამცველს მაინც მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა წვდომა საქმეზე. შემდეგ სახალხო დამცველმა ანგარიშიც გამოაქვეყნა. მიუხედავად ამ გარემოებისა, გამოძიების ნაწილში ევროპულმა სასამართლომ მაინც დაადგინა ხარვეზი, რადგან მისი შეფასებით, უკვე ოთხ წელიწად-ნახევარია, გრძელდება გამოძიება და საქმეზე არ არის შემაჯამებელი, საბოლოო სურათი, საბოლოო დასკვნა, რომელიც სრულად აღწერდა იმ გარემოებებს, რა გარემოებებში მოხდა ძალის გამოყენება და ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ხომ არ ქწონია ძალის გადამეტებას. მხოლოდ ერთი მუხლის ნაწილში დადგინდა დარღვევა და არსებით ნაწილზე, მესამე მუხლზე ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. საქმეში არ არის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითად მესამე მუხლს დაარღვევდა. ამ დარღვევისთვის მომჩივნებს მიენიჭათ კომპესაცია. ერთადერთი, რაც ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოუწოდა, არის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ევროპული სასამართლოს შეფასებით, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს და ადგილი ექნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ თავდასხმას, სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები.

„რაც შეეხება დარღვევას, ევროპული სასამართლო ამ ნაწილში არ მსჯელობს, რომ იყო კონკრეტული დარღვევა, პირიქით, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს არის შიდა დონეზე გამოძიების საკითხი. ცალკეული პირის მხრიდან იყო თუ არა რაიმე ნაწილში რაიმე სახის გადაცდომა, ეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. სწორედ ამისკენ მიუთითა ევროპულმა სასამართლომ, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და მხედველობაში მიიღოს ის გარემოება, რომელიმე პირის მხრიდან ძალის გადამეტებას ან რაიმე უფლებამოსილების გადამეტებას ხომ არ ჰქონია ადგილი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას საჩივრები ეხებოდა აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაირღვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button