მნიშვნელოვანიმოზაიკა

20 წელი – რამაზ სამხარაძის ბლოგი

გამარჯობა, მე რამაზ სამხარაძე ვარ, მედია-მენეჯერი. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი.

რთულია საქართველოში „მედია-მენეჯერობა“… მედიის ფლობა. რომ არა ეს საქმე, ალბათ დღეს ტურისტული კომპანიის მფლობელი ვიქნებოდი, მექნებოდა რამდენიმე ვილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრს ვიმოგზაურებდი…ან რესტორნების ქსელი…და იქ თავადაც მოვამზადებდი გემრიელობებს.

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, კახეთში რომ წავედი და რადიო ჰერეთის იდეის განხორციელება დავიწყეთ… ფაქტობრივად შიშველი ხელებით. 1998 წელს 29 აგვისტოს მშობლებისგან მოცემული სულ 2500 $-მდე მქონდა.

მშობლების და მეგობრების, თანამშრომლების მუდმივი თანადგომით, ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ…

ბევრი არაფერი გამეგებოდა რადიოს თემის, გარდა იმისა, რომ სტუდენტობის დროს ვმუშაობდი რადიოებში: „საქართველოს ხმა“ და „მეცხრე ტალღა“.

დღესაც ენთუზიასტი ვარ, პატარა ბავშვივით …

ჰერეთი – პირველი და ამ დრომდე ერთადერთი დამოუკიდებელი რადიოსადგურია კახეთის რეგიონში  (რეალურადაც ასეა: არასოდეს, არცერთი ხელისუფლების დროს დაფინანსებულა რაიმე სახის სახსრებით. არ დაფინანსებულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხიდან. რომელიც არასოდეს გაუკონტროლებია არავის… ამიტომაც იყო მუდმივი ლტოლვა ჩვენს საინფორმაციო მაუწყებლობაზე გავლენის მოსაპოვებლად…პატარა თუ დიდი ჯგუფებისგან)

ფული რომ არ გვქონდა, კახეთში პირველმა დავიწყეთ “დისკოთეკების”, კონცერტების ორგანიზება და თბილისიდან მაშინდელი პოპულარული მომღერლები მიგვყავდა. რადიოს ხარჯებს ამ “ივენტებიდან” მიღებული შემოსავლებით ვფარავდით. ახალ ამბებს გაზეთებიდან ვკითხულობდით….ხან ჩვენი თანამშრომლები სამ სოფელს იქით მიდიოდნენ ფოსტაში, სააგენტოს ნიუსები რომ მიეღოთ…ზამთარში გასათბობი რომ არ იყო, თანამშრომლებს შეშა სახლიდან მოჰქონდათ…რეგიონში ინტერნეტი რომ არ იყო, იმდენი მოვახერხეთ,პირველები ვიყავით, ვინც შსს-სა და უშიშროების სამსახურების შემდეგ, თბილისის ნომრიანი ტელეფონი დავიდგით და ე.წ დაილაპით და ფაქსით ვიღებდით სააგენტოების ახალ ამბებს.

რთული დღეები იყო… განსაკუთრებით კი ყოველი არჩევნებისას,სადაც ჩვენს თანამშრომლების დასდევდნენ, ნათესავებს აწუხებდნენ, ნათესავები ჩვენ…რეგიონში, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობია, ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებებზე ვმუშაობდით და თანხების გაფლანგვაში ვამხელდით კონკრეტული თანამდებობის პირებს. ხშირშემთხვევაში მარტო ვრჩებოდით…მსმენელის კულტურაც განსავითარებელი იყო… გვცემდნენ, გვივარდებოდნენ ოფისში, გვემუქრებოდნენ…პირადად მე არაერთი კოშმარული დღე გამოვიარე. – ცუდი პერიოდი იყო… ახლა სოზარი კი პოლიტიკაშია, მაგრამ რომ არა მაშინდელი სახალხო დამცველის პროაქტიული ძალისხმევა, დღეს ჩვენ ეთერში არ ვიქნებოდით.

ბევრჯერ შემომთავაზეს პოლიტიკაში წასვლა, მათ შორის ახალი ხელისუფლების პირობებში…მთავაზობდენ პარლამენტარობას, რეგიონის ხელისუფლებაში ყოფნას…ცხადია უარი ვთქვი და ეს გადაწყვეტილება მტკიცეა…რაც არვიცი, იმას ვერ გავაკეთებ….ვერასოდეს შევღებავ ავტომობილს, არვიცი და აბა როგორ…არ არის ჩემი…და მერე, პოლიტიკაში რომ ხარ, სულ მუდმივად უკმაყოფილო უნდა გყავდეს ყველა, ახლობელიც და სხვაც…თორემ სხვებივით გადავიდებდი ფეხი-ფეხზე და ავიღებდი ხალხის გადასახადებით გადახდილ უზრუნველ ფულს…სამაგიეროდ, იმ ამბავს მოვკლავდი რამაც აქამდე მომიყვანა.

მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი რა უნდა ჩავრთო ავტომობილში და რა მოვასმენინო მსმენელს.

გამიმართლა,რომ ჩვენს იდეას ბევრი საერთაშორისო ფონდი და ორგანიზაცია დაუდგა გვერდით. მოვიპოვეთ არაერთი დაფინანსება. შევიძინეთ ტექნიკა, გამოვაცხადეთ ვაკანსიები, ვასწავლეთ ყველას ვისაც რადიოში მუშაობა უნდოდა…და დღემდე ასეა, ვასწავლით… გავიმარჯვეთ უამრავ საერთაშორისო კონკურსში. 30-მდე ქვეყანაში ვიმოგზაურე და დაახლოებით 20 ქვეყანა აქედან პროფესიული მიმართულებით…

ჰერეთი არის პირველი ქართული მაუწყებლობა, რომელიც Apple – ზე და Android – სისტემებზე გავიდა. (ჰო, მუდმივად ინოვაციურ გზებზე ვფიქრობდით და ახლაც ასეა…იქ უნდა იყო, სადაც შენი მომხმარებელია –  სადაც განვითარებაა) მუდმივად ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ უცხოური გამოცდილება ქართულ სინამდვილეს მოვარგო და აქ წარმატებით ავამუშავო…2003 წელს, როცა პირველად შეერთებულ შტატებში ვიყავი,იქ დაახლოებით ერთთვიანმა პროფესიულმა მოგზაურობამ 9 შტატში, აბსოლუტურად  შეცვალა ჩემი ხედვა და ჩამოსვლისთანავე დავიწე რადიკალური,როგორც პირადი, ასევე პროფესიული ცვლილებები.

8 წლიანი ბრძოლის შემდეგ (სამივე ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ კომუნიკაციების კომისიასთან) 2015 წელს თბილისში FM93.5 – ზე მაუწყებლობის უფლებაც მოვიპოვეთ.

ბაზარი გაჯერებულია ბევრი კარგი რადიოს არსებობით… თუმცა, არ ვიქნები სუბიექტური, რომ ვთქვა – რადიო თბილისი ყველაზე ყველაზე მრავალფეროვანია და თბილისური FM -ის Diamond – ია.

არც აქ არის ია-ვარდით მოფენილი გზა. სამწუხაროდ, რადიობაზარი გაფუჭებული აქვს ბევრ რადიოკომპანიას და პირდაპირ „ატკატების“ გზით მიდის რეკლამის განთავსება სხვადასხვა მაუწყებელში.

ყალბდება რეიტინგი და ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში (!) არ არსებობს რეალურად დამოუკიდებელი მთვლელი კომპანია, რომელიც მიუკერძოებელ და მასშტაბურ, რელევანტურ შედეგებს დადებს. ჩვენ კი, ვინც მართლა პროფესიულად ვმუშაობთ ამ ბაზარზე ვზარალდებით…თბილისში კომპანიების ნდობა რადიოს მიმართ არ არის. ბევრმა ვინც სხვა რადიოში რეკლამა განათავსა, შედეგი ვერ ნახა და თქვა – რადიოში რეკლამა არ მუშაობსო…(არაფრისმომცემ რადიოში რეკლამა ნამდვილად არ მუშაობს, არაპროფესონალურად მომზადებული წინადადებები და სტრატეგია ცხადია არ იმუშავებს, რადიოს სადაც მდარე ხარისხის გულისშემაწუხებელი რეკლამა ტრიალებს, ცხადია არავინ მოუსმენს. ფლეშკას ჩართავს,ან გადართავს…) არადა სულ ტუყილად, რადიო რეკლამა მუშაობს და თან როგორ! მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია ჩვენგან დღის განმავლობაში 30-50 ზარს იღებს. ეს საკმაოდ კარგი შედეგია რადიო თბილისისთვის…

გაზეთი/ტელევიზია თუ კვდება და ინტერნეტმა ჩაყლაპა, სანამ ავტომობილი იარსებებს, რადიო სულ ცოცხალი იქნება….ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცოცხალია. ჰო და მანქანის მართვისას ვერც ტელევიზორს უყურებ და ვერც ფეისბუკში შეხვალ…იქ ჩვენ ვართ!  მთავარია რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს….გვიჭირს, მაგრამ აქაც იქნება აუცილებლად შედეგები, მთავარია უკვე ძალიან ბევრი გვისმენს, ბევრი მსმენელი კი ძალაა!

2017 წლის 25 აპრილს RelaxWebRadio – გავუშვით….აბსოლუტურად განსხვავებული, ინოვაციური, დასასვენებელი ვებრადიო, რომელიც მხოლოდ სმარტფონტექნოლოგიაზე და ინტერნეტშია.

რადიო „ბათუმის“ ამბავი არ დაივიწყოთ…

ბათუმის ლიცენზიაზე უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალმა შემადგენლობამ შექმნა პრობლემები…კონკურსი აბსოლუტურად უსამართლოდ ჩაშალა. სასამართლოში პირველი ინსტანცია მოვიგეთ, ბექაურის უწყებამ კი სააპელაციოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება…მოკლედ ხელოვნურად (ბოროტება ჰქვია ამას) გაგვაჩერეს. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ 2019 წელს მაინც შევალთ ბათუმში FM97.3 ზე…პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი რადიოსადგურით – რადიო „ბათუმით“

ვამაყობ,რომ თითქმის ყოველ წელს გვაქვს გადასარევი შედეგები ჩვენს ახალ ამბებზე. „გაეროს“, „ინტერნიუსისა“ და „ევროკავშირის“ დაკვირვების კვლევაში ჰერეთი (რადიო თბილისთან ერთად) ერთადერთი კომერციული რადიოსადგურია, ვისაც კრიტიკული, მიუკერძოებელი, პროაქტიული ახალი ამბები აქვს.

ალბათ მუდმივი შრომა და მიზნებზე ორიენტირება აუცილებლად ამოხსნის იმ ამოცანებს, რაც დასახული გაქვს ადამიანს.

ჰო და, ამ სტრესულ ქვეყანაში 20 წელი რომ მედიას აშენებ, თან დამოუკიდებელს ძნელია…გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ბევრი ფაქტორიც იყო აქამდე რომ გავძელი…ჩემებმაც შემიწყეს ხელი. მხოლოდ ის რად ღირს,რომ რადიომ ნათიასთან დამაკავშირა და სამი გადარეული შვილი მყავს.

მადლობა ყველას, ჩვენს ერთგულ მსმენელს, კომპანიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვამაყობ ამჟამინდელი თუ ყოფილი თანამშრომლით. ბევრი რამე შევძელით ერთად!!!

მე რამაზ სამხარაძე ვარ –  მედიამენეჯერი, გამიხარდება თუ ვინმეს ცხოვრება, თუნდაც მცირედით წარმატებისკენ შევცვალე…

20 წელი ერთად !

რადიო იწყება ჩვენით.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button