2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ცნობილია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/2003-wlis-23-noemberi-misha.jpg)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ წევრების ვინაობა დაასახელა.
სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ გაირკვა, ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში. პოლიტიკური ჯგუფების განაცხადები უკვე გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე.
კომისიაში სულ რვა ადამიანი იმუშავებს. მასში იმუშავებენ:
„ქართული ოცნებიდან“: თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტას აითვისებს „ხალხის ძალა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტები“ (ილია ინჯია).
ამ ორივე პარტიის წევრები „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გამოეყვნენ – ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, კითხვები აქვთ პარტნიორ ქვეყნებსაც. ხალხმრავალ აქციებზე ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ დემონსტრანტები.
„ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ მომართვას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციის წევრების თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას წარდგენის შესახებ, იმავე კომისიაში პოლიტიკური ჯგუფის
„ხალხის ძალიდან“ წარდგენილი არიან სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ასევე იმავე კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ წარდგენილი არის ბატონი ილია ინჯია. როგორც იცით, კომისია შედგება ათი წევრისგან. ახლა რვა წევრი არის შევსებული. ორი წევრი ვაკანტურად დატოვებული არის უფრაქციო წევრებისთვის. ამ შემთხვევაში პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც პარლამენტის წევრების მანდატებს ინარჩუნებს, ისინი თუ აქტიურად იმუშავებენ პარლამენტში, მათ შეეძლებათ ამ ვაკანსიის ათვისება, რომელიც კვოტის გადანაწილებით მათი ასათვისებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისათვის.
დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას 5 თებერვალს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
კომისიის შექმნაზე 9 იანვარს ისაუბრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მან აღნშნა, რომ
კომისია შეისწავლის:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება უმნიშვნელოვანესი პროცესია იმის პარალელურად, რაც საქართველოს პარლამენტში დაანონსდა, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ეხება 2003-12 წლებში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
შაქარიშვილის განცხადებით, ის აპირებს საჯაროდ გაკეთებული რევოლუციური შინაარსის განცხადებები ერთგვარ მტკიცებულებად წარადგინოს.
„ჩვენი განცხადება ეხებოდა 2012 წლის შემდეგ, ანუ ოპოზიციიდან ამ პოლიტიკური ჯგუფების და ძალების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს, რომლებიც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობას, რის უკანაც იდგა ფინანსები, რომლებიც ქვეყანაში შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან. პროკურატურაში დასაბუთებული განცხადება შევიტანეთ 18 იანვარს. მას შემდეგ მოხდა ტრამპის ინაუგურაცია, წამოვიდა ინფორმაციათა ნაკადი იმასთან დაკავშირებით, რეალურად რას ხმარდებოდა საქართველოში შემოსული ფული. ეს იქნებოდა „იუესეიდის“, „ნედის“ თუ სხვა ფონდების მხრიდან, რომლებიც ტრამპის, მასკის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილებულია, როგორც ბოროტი საქმეების დამფინანსებელი ძალა, რომელიც იყო ინსტრუმენტი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარებისა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, როდესაც პროკურატურა გამოკითხვაზე დამიბარებს, ვაპირებ საჯაროდ გაკეთებული რევოლუციური შინაარსის განცხადებები ერთგვარ მტკიცებულებად წარვადგინო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხდებოდა უცხოური ფულით რევოლუციის და ანტისახელმწიფოებრივი პროცესების დაფინანსება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ უნდა მოხდეს აგენტურული ქსელისგან პოლიტიკური-საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლება.
„ვნახეთ, რომ პროკურატურამ საქმე აღძრა 2 მუხლით – 318 და 319 მუხლებით. ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მუხლის იურისდიქციაში შედის იმ საქმიანობათა ჯაჭვი, რომლებიც ჩადენილია წლების განმავლობაში ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიად წოდებული აგენტურული ქსელის მიერ. შესაბამისად, ასევე წარვადგენთ დამატებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ასევე შეიძლება დაინტერესდეს 317 და 321 პრიმა მუხლებით. ვფიქრობთ, შესაძლოა, გაფართოვდეს, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის გუნდის მიერ გასაჯაროებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულებრივ საქმიანობასთან, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი ეწეოდა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ აგენტურული ქსელისგან ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლება, რათა ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. ბოლო ერთ წელში „ქართული ოცნება“ უფრო ხშირად ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა… ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავის დღეებში. მოგვიანებით, 2024 წლის 27 სექტემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ომის დაწყებაში დაადანაშაულა:
„2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ“.
2008 წლის ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.