,,2012 წელს დიქტატორული რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით,,-ღარიბაშვილი
"ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა -ოპოზიციის გამოხმაურება საკადრო ცვლილებებს

2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს, ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო, დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა.
მისივე თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე.
„ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი. გატარდა მასშტაბური რეფორმები: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების, არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია. მინდა, საზოგადოებას ასევე შევახსენო, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ გასულ წელს, დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი – ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს, რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ხშირად მსოფლიო მასშტაბით. არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. დღეს ჩვენი ქვეყანა ლიდერია კანონის უზენაესობის, კორუფციისა და თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი მთავრობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბაზარზე წვდომის ინოვაციების მიმართულებით და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანეს, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდგომ განუცხადა.
პაპუაშვილი ულოცავს ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას, ირაკლი კობახიძეს კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.
„ორივეს შედეგები, ერთი შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელის სახით და მეორეს შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის სახით, სახეზეა, როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიღწევები, ისე ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით. ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან პარლამენტის წიაღიდან ხდება პრემიერ-მინისტრის შერჩევა, მას შემდეგ რაც ჩვენ სრულად გადავედით საპარლამენტო სისტემაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აბსოლუტურად ახალ დინამიკას შეიტანს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში. ვფიქრობ, განსაკუთრებით ოპოზიცია უნდა იყოს პოზიტიურად განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ, ვინაიდან, ვიქრობ, რომ მათთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც მათი კოლეგა, რომელთანაც წლების განმავლობაში ერთ დარბაზში იყვნენ, წლების განმავლობაში საერთო დისკუსიები, თუ საუბრები ჰქონდათ ახლა, იქნება პრემიერ-მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მისი თქმით, ღარიბაშვილს წარმატება ჰქონდა მთავრობის მეთაურის სახით, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, რაც მივიღეთ, ამაში მისი პირადი წვლილი ძალიან დიდია. ახლა კი, ღარიბაშვილს პარტიის ხელმძღვანელობა ჩაბარდება.
„მინდა ორივეს წარმატება ვუსურვო. რაც მთავარია, ყველა ეს გადაწყვეტილება მიმართულია, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება „ქართული ოცნების“ გუნდისა და ქვეყნის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი.
ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში, მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, რომელ თანამდებობაზეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს წარმატებებს უსურვებს.
„სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება, იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, ვიყოთ რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამას თავად პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე დაასახელებს, თვითონ გააკეთებს განმარტებას და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„გუნდი არის ერთიანი. 2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველოა“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულად ჩაებმება მიმდინარე პროცესებში.
„როცა გასაკრიტიკებელია ხელისუფლება, შეიძლება, გააკრიტიკო, მაგრამ ის რადიკალიზმი, რასაც ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს, პირველ რიგში, დამაზიანებელია მათთვის და ამის არაერთი მაგალითი არსებობს წლების წინ. ასე რომ, არ ვიცი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვიღაც კონსტრუქციული იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ქვეყნის წინსვლაში.
„აუცილებლად უნდა ითქვას, ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს. ირაკლი კობახიძის თქმით, პრემიერის თანამდებობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ერთიან ძალისხმევას მოითხოვს და ამ თვალსაზრისით გუნდის თითოეული წევრის დიდი იმედი აქვს.
„გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე, მას, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჰქონდა ჩვენს გუნდს და ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, იყო გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი. ამ ერთიანობისთვის მადლობა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს – მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტიის რიგით წევრებს და მხარდამჭერებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა არჩევნების შესახებაც და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.
„წინ გველოდება მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება იყოს გამოხატული: პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო: ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად; ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს; მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში. გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე, რამაც ამ ორი ამოცანის შესრულებასთან ბევრად უფრო დაგვაახლოვა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა ამ ოცნების ახდენისკენ უნდა იყოს მიმართული. გაძლევთ პირობას, მთავრობის მეთაურის რანგში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ოცნების ახდენაში ჩემი წვლილი შევიტანო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა – ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.
მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.
მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ “ხელფასს” და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.
ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ.
ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.
რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:
არც ერთი დაპირება აღარ მუშაობს, ყველა “გატრუხდა”;
“აბა ნაცები გინდათ?” აღარ მუშაობს. ხალხმა თანდათან დააფასა ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და ნაცების შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს;
“ომი გინდათ?” აგრეთვე აღარ მუშაობს. ევროპამაც და უკრაინამაც მტკიცე პოზიცია აჩვენეს, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი საქართველო;
კორუფციასთან ბრძოლის “რაინდის” როლი – თავისიანებიც რომ დაიჭიროს, უკან უბრუნდება. ყველამ იცის, რომ თვითონ შექმნა ეგ კორუფცია, მაგასაც აღარავინ ჭამს;
ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი – ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს.
ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა, რეალური თანამდებობა კი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე.
„ზოგადად, საქართველოს მთავრობაში პრემიერ-მინისტრების გადადგომას დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. წინა პრემიერი რომ გადადგა, ერთი მინისტრიც არ გადამდგარა, ახლა ღარიბაშვილს ერთი მაინც გაჰყვა. ანუ, ეს ცოტა უფრო უფლებიანი პრემიერ-მინისტრი ყოფილა, თავდაცვის მინისტრი გააყოლეს. „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა და რეალური თანამდებობაა პარტიის საპატიო თავმჯდომარე. როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეიცვლება, მაშინ შეგვიძლია, არსებით ცვლილებებზე ვიფიქროთ. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხვა წევრების შეცვლა არ გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პრემიერ-მინისტრების გადასაწყვეტი არ ყოფილა, რომელი მინისტრი დარჩება და წავა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ხვიჩიას თქმით, წარმოუდგენელია მისი ნატო-ში დანიშვნა.
„მასზეა ნათქვამი – შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ეს ამბავი დაახლოებით ამას მახსენებს. წარმოუდგენელი მგონია, ერთ-ერთი ოდიოზური მინისტრი ნატო-ში დანიშნონ. იმედია, საქმეს არ გააფუჭებს, არ ვიცი, მასზე რა იმედები აქვთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე დასახელდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობა ქართველი ხალხისთვის სახიფათო და შეურაცხმყოფელია.
„17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა ხალხისთვის. დავკარგეთ მთელი თორმეტი წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი „ქოცი“ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული.
ცვლილებები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები რეალურია და ხალხის გამარჯვებაც რეალურია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ „ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, უკეთეს ცხოვრებას, რასაც “ქართული ოცნება” არ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მთავარი, რაც დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ აპირებს ადამიანებზე იზრუნოს.
„ისინი დარწმუნებულები არიან და კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, სამუშაო ადგილებია, უკეთესი ცხოვრება, ღირსეული შემოსავალი, თუმცა მთავარი ოპონენტი ამ შემთხვევაში არის არა “ქართული ოცნება”, არამედ ის პროცესი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ.
ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმისა, რომ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც მათ არ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.