მნიშვნელოვანირეგიონი

სოფლები უმაღლესი განათლების გარეშე

სოფლები უმაღლესი განათლების გარეშე-ყვარელში მცხოვრები ხუნძებიდან წლებია უმაღლესი განათლება არავის მიუღია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ავარელებით დასახლებულ სოფელ ჩანტლისყურეში საჯარო სკოლა 8 წლიანია.

სრული საშუალო განათლების მისაღებად, ადგილობრივები სოფელ ახალსოფლის სკოლაში დადიან.
ჩანტლისყურეს საჯარო სკოლის დირექტორი, მაგამედ ალიევი რადიო ჰერეთს უყვება, რომ ათეული წლებია, ავარული სოფლების ახალგაზრდობას უმაღლესი განათლება არ მიუღია.

” ჩვენი სკოლა რუსულენოვანი იყო, 2008 წლიდან ქართულენოვანი გახდა და მე გამიხარდა.ვიფიქრე, რომ ჩვენი ბავშვები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებდნენ. სრული საშუალო განათლების მისაღებად, მეზობლად, ახალსოფლის სკოლაში გადადიან. ბავშვი რომ სკოლას დაამთავრებს, ნაადრევად ოჯახს რატომ უნდა მოეკიდოს, ან დაღესტანში რატომ უნდა
წავიდეს?”-ამბობს სკოლის დირექტორი.

მაგამედ ალიევი ყვება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ავარებით დასახლებულ სოფელ ჩანტლისყურეს სკოლაში 75 მოსწავლეა.

” გვყავს კარგი ბავშვები, რომლებიც ქართულ ენაზე სწავლას თავს კარგად ართმევენ. ახლაც სამი მოსწავლე დადის ახალსოფელში და იქიდან ერთი, ზუსტად ვიცი, რომ უმაღლესში ჩაბარებას შეძლებდა, თუმცა ათეული წლების განმავლობაში, ერთადერთმა გოგომ ჩააბარა. არც დაინტერესებაა, მაგალითი არ გვაქვს, რომ განათლების სიკეთე ენახა ვინმეს”– გვიყვება მაგამედ ალიევი.

სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ სკოლიდან ამჟამად მოქმედი პედაგოგების წასვლის შემდეგ, შესაძლოა საგანმანათლებლო დაწესებულება, საერთოდ მასწავლებლის გარეშე დარჩეს.

“ჩვენ ფაქტიურად არ გვყავს ადგილობრივი კადრი. ეს მასწავლებლები რომ წავიდნენ, სკოლაში ვინ უნდა დავასაქმოთ.ჩვენც გვინდა უმაღლესი განათლების სიკეთე ვიგრძნოთ, ცოდნა სოფელს მოვახმაროთ და საქართველოსთან უფრო მეტი სიახლოვე გვქონდეს” მაგამედ ალიევი ფიქრობს, რომ გამოსავალი არსებობს და შესაძლებელია, საქართველოში მცხოვრები ავარიელი მოსწავლეებისათვის, უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეული ქვოტა დაწესდეს.
“ერთი რომ ჩაირიცხება, მეორესაც სურვილი გაუჩნდება. სწავლის დროს მეგობრებს შეიძინეს, ქართველებს უფრო დაუახლოვდება. ჩამოვა, ამ სიკეთეს სოფელს მოახმარს. ნაადრევ დაოჯახებას, სოფლის ახალგაზრდობისგან დაცლას თავიდან ავიცილებთ. ასეთი ქვოტით, წლების წინ, რამდენიმე გამოჩენილი ავარიელი სწავლობდა თელავის უნივერსიტეტში. სასურველია, ახლოს იყვნენ, ოჯახმა სტუდენტის რჩენა რომ შეძლოს”.

ავარები, იგივე ხუნძები იბერიულ-კავკასიური ტომია დაღესტანში და საქართველოში მეოცე საუკუნის 50-იან წლებშია ჩამოსახლებული.

ისინი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, თივში, ჩანტლისყურესა და შოროხში ცხოვრობენ.
გაეროს კვლევების თანახმად, ავარებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე.

ხუნძებით დასახლებულ სამივე სოფელში, ათასზე მეტი მოსახლეა, თუმცა განათლების სახელმწიფო პროგრამებით სოფელში არავინ სარგებლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button