მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარის ტელევიზიაში საკადრო “წმენდა” გრძელდება

აჭარის ტელევიზიამ ხელშეკრულება შეწყვიტა შორენა ღლონტთან, რომელიც ბოლო სამი თვე ვებ-გვერდის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე კი, შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ამ პოზიციიდან 24 თებერვალს გაათავისუფლეს და კონსულტანტად გადაიყვანეს, ხოლო ხელშეკრულება სამი თვით გაუფორმეს.

„ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა…“ – უთხრა “ბათუმელებს” აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ პაქსაძემ. რა ჩაუწერეს ამჯერად შორენა ღლონტს ბრძანებაში და რის გამო მიიჩნია ტელევიზიის ადმინისტრაციამ, რომ შორენა ღლონტისთვის ხელშეკრულება არ უნდა გაეგრძელებინა? – ემზარ პაქსაძემ განაცხადა, რომ კითხვებს მას შემდეგ შეუძლია უპასუხოს, როცა შორენა ღლონტისგან მიიღებს თანხმობას ბრძანების გასაჯაროვების შესახებ.

შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს. „რა ნორმა დაირღვა, არ არის მითითებული, ის სამართლებრივ დავას მოიგებს.” – ასე აფასებდა შორენა ღლონტის გათავისუფლებას 24 თებერვალს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, იურისტი გია ქარცივაძე. შორენა ღლონტის გათავისუფლება მესამე სექტორში შეფასდა, როგორც „სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის აშკარა მცდელობა“.

ამ დროისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ 9 ჟურნალისტი დავობს. ამ სარჩელების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტებმა ასევე პროკურატურას ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა ამ დრომდე, არც გამოძიება დაწყებულა.

კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

აჭარის ტელევიზიაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს საგანგაშოდ აფასებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა, რომელიც მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მხრიდან ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს.

ის უკვე მეშვიდე დღეა აჭარის ტელევიზიის შენობასთან შიმშილობს. დღეს, 4 ივნისს, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button