2017 და 2018 წლებში საქართველო უშუში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს [Video]
27 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა პრესკონფერცია გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და “პრაიმ-სპორტს მენეჯმენტის” პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი.
პრესკონფერენციის თემა იყო ქართველ უშუისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე და ასევე საქართველოში უშუს ევროპის ჩემპიონატების ორგანიზება 2017 და 2018 წლებში.
ბულგარეთში, ქალაქ სტარაზაგორაში 18 მაისს გაიმართა კონგრესი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 2017 წელს (ტრადიციულ სტილში) და 2018 წელს (სპორტულ სტილში) ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების თაობაზე.
კონგრესზე, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ მოაწყო საქართველოს პრეზენტაცია და 26 ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას.
საქართველოს მთავარი კონკურენტი იყო უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვერულიძე არჩეულ იქნა 15 კაციან ევროპის აღმასრულებელ საბჭოში. გარდა ამისა მას მიენიჭა საერთაშორისო B კატეგორიის მსაჯობის სერტიფიკატი.
წელს ევროპის უშუს ფედერაციის დაარსების 30 წელი შეუსრულდა. კონგრესზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და უშუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იუ ზაიჩინგი, რომელმაც 2017 წლისთვის თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. სულ მალე კი 3-6 ივლისს თბილისში გაიმართება უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩამოვა ევროკომისია, რომლის მოვალეობაც იქნება წინასწარი შეფასება ჩვენი ქვეყნის მზადყოფნისა ევროშეჯიბრისთვის.