კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

არის თუ არა შმაგი მუთოშვილი დამნაშავე-რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

“ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კვალი იარაღსა და მასრებზე აღმოჩენილი არ არის” – ამის შესახებ, პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი მუთოშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ბადურ გულიაშვილის განმარტებით, ეჭვი, რომ საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იარაღი გაწმენდილია, კიდევ უფრო გამყარდა.

” ყველა ექსპერტიზა დასრულდა და შმაგი მუთოშვილის არც დნმ და არც თითის ანაბეჭდი არსად აღმოჩნდა. ჩვენი ეჭვი ,რომ იარაღი დაასუფთავეს, კიდევ უფრო გაამყარა იმან, რომ ზედ არც სხვა პირების კვალი დაფიქსირდა. ეს ხომ წარმოუდგენელია. თავიდანვე ვამბობდი, რომ შმაგი უდანაშაულოა და ეს საქმე მისი გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სხდომა ჩატარდა. საქმეზე მოწმეებად მხოლოდ ხუთი პოლიციელია დაკითხული” -განაცხადა გულიაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

შმაგი მუთოშვილის საქმის არსებითი განხილვა , თელავის რაიონულ სასამართლოში ხუთი თვეა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სხდომა გაიმართა.

ადვოკატის ინფორმაციით, რამდენჯერმე ბრალდებულის პროცესზე დასწრება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო, რამდენჯერმე კი, კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მუთოშვილთან დისტანციურად დაკავშირება ვერ მოხერხდა.

35 წლის შმაგი მუთოშვილი 2020 წლის სექტემბერში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით ბრალდებულმა, 29 ივლისის ღამეს შურისძიების ნიადაგზე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილა.

სახლის დაცხრილვის დროს, თავად ქავთარაშვილი მშობლებთან ერთად ბინაში იმყოფებოდა, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

შურისძიების სურვილი, შმაგი მუთოშვილს 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში მომხდარი გვარებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაუჩნდა, რომლის ორგანიზატორად მურად ქავთარაშვილი მიიჩნეოდა.

თითქმის 20 წუთიან შეიარაღებულ გარჩევას მისი ძმა, 39 წლის ვისური მუთოშვილი ემსხვერპლა.

მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა, მურად ქავთარაშვილის ძმისშვილი, 27 წლის არბი ქავთარაშვილი და ახლო ნათესავი, 30 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.

შვიდთვიანი განხილვის შემდეგ, 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ სცნო. თავად შმაგი მუთოშვილი დღემდე, დანაშაულს არ აღიარებს. ოჯახის წევრები, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.

რამდენიმე თვის წინ, მუთოშვილების ადვოკატი, ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვაში შესაძლო რუსულ კვალზეც საუბრობდა. ბადურ გულიაშვილი იმ გარემოებას ეყრდნობოდა, რომ ქავთარაშვილს რუსეთის ხელისუფლება ეძებს.

გვარების შერიგება, ქისტური ადათის მიხედვით, ხეობაში რამდენჯერმე სცადეს. პროცესში ადგილობრივი უხუცესები, ჩეჩნეთიდან ჩასული სპორტსმენები და პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული თუმცა ქავთარაშვილები და მუთოშვილები, დღემდე არ შერიგებულან.

ქავთარაშვილების ოჯახი შექმნილ ვითარებაზე, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა რადიო ჰერეთისათვის ცნობილია, რომ მათ სამართალდამცავებისათვის ოფიციალური საჩივრით არ მიუმართავთ.

შმაგი მუთოშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე და 236- ე მუხლებით ედება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წაიკითხეთ ასევე:

შმაგი მუთოშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გვარების ომი – პანკისელების აქცია შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

გვარების ომი – “ამ დაკავების შემდეგ შერიგება გამორიცხულია”

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

სისხლის აღების წესი და დაპირისპირება პანკისში

პანკისში დაპირისპირებული გვარების საქმეზე განაჩენი ცნობილია

გვარების ომი პანკისში

მსგავსი პოსტები

Back to top button