2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო

2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინის არმიამ უკრაინაში ომი დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. – “მივიღე გადაწყვეტილება, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა “დახმარების თხოვნით მიმართეს”. ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა პუტინს “უკრაინის აგრესიის” მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვს. იქამდე კი, 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.
CNN-ი წერს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინი ელოდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას რამდენიმე დღეში დაიკავებდა, ამის ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევის წყალობით, ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება. ომის დაწყებისას უკრაინამ შეაჩერა ჯარები დედაქალაქ კიევთან და მოგვიანებით მოიპოვა გამარჯვებები ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვისა და სამხრეთ ხერსონის რეგიონებში. მაგრამ მან ასევე განიცადა დიდი დანაკარგები დონეცკისა და ბახმუტის გარშემო აღმოსავლეთ ტერიტორიებზე.
CNN-ი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2022 წლის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ კონტროლი თავისი ტერიტორიის დაახლოებით 11%-ზე დაკარგა, კონფლიქტის დაწყებიდან, 2014 წლიდან კი, საერთო ჯამში – დაახლოებით 18%-ზე.
ეს მაჩვენებელი მოიცავს დროებით ოკუპირებულ ყირიმს და დონბასის ნაწილს. მთელი ქვეყნის ოკუპაცია, როგორც ამას დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა, შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინელების წინააღმდეგობისა და დასავლეთის დახმარების გამო ჩაიშალა.სამი წლის განმავლობაში, ომის გამო საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ან სხვა ქვეყნებში, გადასახლდა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დროს 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით დევნილად აქცია.
.
ამასთან, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, ათიათასობით ჯარისკაცი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეულია სახლების 10%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ, სულ მცირე, 2 მილიონი ადამიანი ადეკვატური საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ომის განმავლობაში დაზიანდა ან დაინგრა 3600-ზე მეტი სკოლა და უნივერსიტეტი. გაეროს ცნობითვე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 12,7 მილიონ ადამიანს.
კიევის ეკონომიკის სკოლა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკურ დანაკარგებს აღრიცხავს, აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი 170 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებელი ფონდი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა, უკრაინასთან ომში 867 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება და რუსეთ-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში დაიღუპა 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი. ეს 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა ტელეკომპანია NBC News-სთან ინტერვიუში.
რუსეთმა ოფიციალურად ბოლოს 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა. სამი წლის განმავლობაში დაღუპული 95 026 რუსი სამხედროს ვინაობა საჯარო წყაროების მიხედვით დაადგინეს BBC-ს რუსულმა სამსახურმა და გამოცემა „მედიაზონამ“. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედიასაშუალებების მიერ ნეკროლოგების, სასაფლაოებისა და სამხედრო მემორიალების კვლევის საფუძველზე დადგენილი რიცხვი დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45-65%-ია. უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში აღრიცხული ჰყავდა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული 3,6 მილიონი მოქალაქე.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.