მნიშვნელოვანისიახლეები

2022 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრის კვეთა 2 276 302-ჯერ განხორციელდა

2022 წლის აგვისტოში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი სადახლოს გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა

2022 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა, გასვლა), სასაზღვრო პუნქტების მიხედვით, 2 276 302-ჯერ განხორციელდა. აქედან 23% საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა იყო, ხოლო 77% – უცხოეთის მოქალაქეების. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფიქსირდება. კერძოდ, შემოსვლა – 330 144; გასვლა – 318 966. ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 213 100 შემოსვლის ფაქტი, ხოლო 255 357 -გასვლის. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, 2022 წლის აგვისტოში, 177 677 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, ხოლო გავიდა 197 259 პირი.

უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში უცხოეთის 844 262 მოქალაქე შემოვიდა, აქედან, 24-საათზე მეტი ხნით ქვეყანაში 539 608 მოქალაქე დაყოვნდა; ასევე განხორციელდა 174 358 ტრანზიტი.

შსს-ს ცნობით, კვეთების რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა) ქვეყნების პირველი ექვსეულს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი და ბელარუსი იკავებს. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 260 810 პირი, მაშინ, როდესაც 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში რუსეთის 45 355 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა. შსს-ს მონაცემებით, პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475%-ით არის გაზრდილი.

რუსეთის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე, 2022 წლის აგვისტოში, სომხეთიდან შემოვიდა კერძოდ, 178 483 პირი (2021 წლის აგვისტოში – 28 745; ზრდა 521%-ია); 2022 წლის აგვისტოში საქართველოში თურქეთის 116 882 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა (2021 წლის აგვისტოში – 38 654, ზრდა 202%); საუდის არაბეთიდან ამავე პერიოდში 43 562 პირი შემოვიდა (2021 წლის აგვისტოში – 15 154, ზრდა 187%); ისრაელიდან შემოსულია 29 546 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6901%-ით მეტია (2021 წლის აგვისტოში საქართველოში ისრაელიდან 422 პირი შემოვიდა). 88%-იანი მატებაა დაფიქსირებული საქართველოში ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორების მონაცემებში. კერძოდ, შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირდა ბელარუსის 28 885 მოქალაქის შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 88%-ით მეტია (2021 წლის აგვისტოში ბელარუსიდან საქართველოში 15 332 ვიზიტია დაფიქსირებული).

ამასთან, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 46 790 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით არის გაზრდილი (2021 წლის აგვისტოში 29 942 ვიზიტი ფიქსირდება).

ქვეყნების ოცეული (პირველი ექვსეულის შემდეგ) კვეთების რაოდენობის მიხედვით (შემოსვლა), 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, ასეთია: უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, გერმანია, ინდოეთი, პოლონეთი, აშშ, უზბეკეთი, იორდანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ესტონეთი, იტალია.

შსს-ს ცნობით, უცხო ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ან გადაკვეთა 31-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ქვეყნის საზღვარი საქართველოს 266 037-მა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო ქვეყანაში საქართველოს 266 045 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები კი ასეთია: შემოსვლა 82 923, ხოლო გასვლა 78 884.

2022 წლის აგვისტოში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი სადახლოს გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით კვეთების რაოდენობა ორივე მიმართულებით 415 761-ია. უფრო კონკრეტულად, რუსეთისკენ/რუსეთიდან საზღვრის კვეთა 136 130-ჯერ განხორციელდა; სომხეთისკენ/სომხეთიდან – 141601-ჯერ; თურქეთისკენ/ თურქეთიდან – 100083-ჯერ; ხოლო აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 37170-ჯერ; ამასთან, პორტში შემოსვლა ფიქსირდება 777-ჯერ.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტის ტრანზიტული მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, ასეთია: მსუბუქი – 33 687; სატვირთო – 12 561; ავტობუსი – 775; მოტოციკლი – 193; სპეცტექნიკა – 29.

კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, სადახლოს გამშვები პუნქტი 47407-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა, ქვეყნიდან გავიდა 43 948 მსუბუქი ავტომობილი; ყაზბეგის გამშვები პუნქტი ამავე პერიოდში გამოკვეთილი აქვს 45 493 მსუბუქ ავტომობილს, გავიდა – 59 003; სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 21 408 მსუბუქმა ავტომობილმა, გავიდა – 20041.

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებს, 2022 წლის აგვისტოში, სარფის საბაჟო პუნქტი გადმოკვეთა 19 200-მა სატვირთომ, ხოლო გადაკვეთა – 13 291-მა; ამავე პერიოდში ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციიდან გადმოკვეთა 14 378-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 13984 სატვირთო ავტომობილი. მიმდინარე წლის აგვისტოში, წითელი ხიდი გამოკვეთილი აქვს 12 135 სატვირთოს, ხოლო გადაკვეთა 14 212-მა; ამასთან, სადახლოს 7060-მა სატვირთომ გადმოკვეთა საზღვარი, ქვეყნიდან გავიდა 7730 სატვირთო.

რაც შეეხება ავტობუსს, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 1288-მა ავტობუსმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა – 1264-მა; ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1188-მა ავტობუსმა, ხოლო საზღვარი გადაკვეთა -1232-მა; სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1081-მა და გადაკვეთა 1118 ავტობუსმა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 383-მა მოტოციკლმა, ქვეყნიდან გავიდა 320-მა; ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 374-მა, გადაკვეთა 421-მა; სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 131-მა და გადაკვეთა 154-მა მოტოციკლმა.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ქვეყანაში დაფიქსირდა 477 სატვირთო შემადგენლობის შემოსვლა, გავიდა – 406. ასევე, ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 31 სამგზავრო შემადგენლობის შემოსვლა და ამდენივეს გასვლა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემები, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ასეთია: დაფიქსირებულია 356 სატვირთო შემადგენლობის შემოსვლა, 287-ის გასვლა. სამგზავრო შემადგენლობების რაოდენობა უცვლელია და 31-ს შეადგენს როგორც შემოსვლის, ასევე გასვლის მაჩვენებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს საზღვაო რეისების დინამიკას, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის აგვისტოში, ფოთის პორტში 202 გემი შემოვიდა (2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელი 167 იყო), ხოლო ბათუმის პორტში – 117 (2021 წლის აგვისტოში – 92).

მსგავსი პოსტები

Back to top button