მნიშვნელოვანისიახლეები

2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართველო ფასის შესადარებლად. მთავრობამ 9 ნოემბერს წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
„ისტორიული გადაწყვეტილება რაც არის, ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება ელექტრონული რეცეპტებით, ასევე გავხსენით თურქეთის ბაზარი, რომლითაც ჩვენი დღევანდელი გათვლებით, დაახლოებით 100 მლნ ლარის დაზოგვა მოახერხა ჩვენმა მოსახლეობამ იქედან შემოტანილი მედიკამენტების ხარჯზე. ახლა უკვე შემდეგი ეტაპი, რაც იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, (მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული და შემდეგ გაიგზავნება პარლამენტში წამლის კანონში შესატანი ცვლილება) ეს ეხება რეფერენტული ფასების დადგენას. სამინისტროზე იქნება დელეგირება რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრის და ფასების დადგენის პრინციპის. ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, ეს 40%-ით კიდევ უფრო გაიაფებს მედიკამენტებს. პირველ ეტაპზე, იანვრიდან ეს შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც დღეს დაახლოებით 1 100 დასახელების არის. მედიკამენტების ბაზარი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის მედიკამენტებს შეეხება ეს რეგულაცია იანვრიდან. შემდეგი ეტაპი იქნება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მადიკამენტებზე გავრცელება, ვფიქრობთ, რომ ეს მეორე კვარტლიდან იქნება, შემდეგ კი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. მომდევნო წლის ბოლომდე მაქსიმალურად გამჭვირვალე ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული მედიკამენტებზე რეფერენტული ქვეყნების მიხედვით და გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. დაწესდება ასევე ჯარიმები კანონის დამრღვევთათვის. ჯარიმის ოდენობა, მინისტრის თქმით, 5 ათასიდან 50 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
„რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, კანონში შეგვაქვს გამკაცრებაც, რომელიც შეეხება დამრღვევების სხვადასხვა ტიპის სანქციებს. სანქციები პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას გულისხმობს, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ეს ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციების ნაწილიც და შემოწმებების, მონიტორინგის სიხშირეც, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება რეფერენტული ფასების საკითხზე ქვეყნების შერჩევა, მინისტრმა განმარტა, რომ ახლა მიმდინარეობს ქვეყნების განსაზღვრა.

„4 ან 5 ქვეყანა გვექნება, საიდანაც ფასებს განვსაზღვრავთ. ეს ქვეყნები არის ეკონომიკების, მოსახლეობის რაოდენობის და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ეს არ არის ჩვენი მოგონილი კრიტერიუმები, გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს რეფერენტული ფასები დანერგეს. ზუსტად იმ გამოცდილებას ვითვალისწინებთ და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით მივყვებით. ამ ქვეყნების არჩევის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ 4 ან 5 ქვეყანა იქნება მაქსიმუმ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
„1 100 დასახელების მედიკამენტებს შეეხება იანვრიდან. მეორე კვარტლიდან ვფიქრობთ, სარეცეპტო მედიკამენტებს შეეხება, წლის ბოლომდე კი ყველა პრეპარატზე. ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული რეფერენტული ქვეყნების მიხედვით“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე შემუშავდება რეფერენტული ფასი, შემდეგ, წლის ბოლომდე კი – ეტაპობრივად სხვა წამლებზეც. მინისტრმა განმარტა რეფერენტული ქვეყნების შერჩევის მეთოდოლოგიაც და თქვა, რომ ამ პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტებიც.

„ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში რეფერენტული ღირებულებები დანერგეს. ვფიქრობ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება. ნებისმიერ მოლეკულაზე, რაც ჩვენთან იყიდება, იმ ბაზრებზე მოვიძიებთ, რა ბრენდული დასახელებით იყიდება, საშუალოს გამოვიყვანთ და ამის მიხედვით განისაზღვრება ღირებულების მაქსიმალური ჭერი“, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

მედიკამენტებზე რეფენტული ფასის განსაზღვრა ნაწილია სახელმწიფოს მიერ წამლის ფასის რეგულირების პროცესისა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მოსახლეობას თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა მისცა, უკვე დაიზოგა დაახლოებით 100 მილიონი ლარი.

წამლის ფასის განსაზღვრის აუცილებლობაზე მსჯელობა ახალი არ არის – 2010 წელს “ქართულ დასს” ჰქონდა მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა.

მსგავსი პოსტები

Back to top button