მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის ბოლომდე კრინკიში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 788 უკრაინელი სამხედრო

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის ბოლომდე, ხერსონის ოლქის სოფელ კრინკიში მიმდინარე ბრძოლებისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა 788 უკრაინელი სამხედრო – ამ ცნობას უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს “Слідство.Інфо”.
ჟურნალისტები წერენ, რომ ამავე პერიოდში კრინკიდან გაასვენეს და დაკრძალეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 262 დაღუპული ჯარისკაცი.
დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელში 2023 წლიდან მოქმედებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მცირე ზომის პლაცდარმი, რომელსაც რუსეთის ძალები ინტენსიურად უხსნიდნენ ცეცხლს. 16 ივლისს მედიაში უკრაინის არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები იძულებულნი გახდნენ, სოფელი დაეტოვებინათ.
კრინკი პატარა სოფელია. რუსეთის არმიამ ის დაიკავა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. 2023 წელს უკრაინის არმიამ შეძლო კრინკიში გამაგრება და მცირე პლაცდარმის შექმნა, თუმცა ამ პლაცდარმზე დაყრდნობით შეტევითი ქმედებები აღარ განხორციელებულა.

რუსეთის არმიას ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ეწურება და არ არსებობს რესურსები ახალი ტექნიკის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის ან ძველის შეკეთებისთვის – ამის შესახებ ექსპერტებზე დაყრდნობით The Economist წერს. გამოცემა წერს, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე წელს, რუსეთს საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობისა და იარაღის მარაგები ეწურება, ამან კი ზაფხულის ბოლოს შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსული ჯარების შეტევითი მოქმედებების ინტენსივობაზე.
რუსეთის თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი პაველ ლუზინი და სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (SCEEUS) ანალიტიკოსი ალექსანდრე გოლტსი მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი დანაკარგებით, რუსული ტანკებისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების მარაგი, რომელიც შესაფერისია საწყობებში აღდგენისთვის, 2025 წლის მეორე ნახევრისთვის მიაღწევს “გამოფიტვის კრიტიკულ წერტილს”.
დაზვერვის მონაცემებით, ომის პირველ ორ წელიწადში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 3 000 ტანკი და 5 000 სხვა ჯავშანმანქანა. მანამდე ზარალის ანაზღაურება საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სამხედრო ტექნიკის მარაგით იყო შესაძლებელი. ომის პირველ წელს ფრონტზე გაშვებული ტანკების 85% იყო ძველი საბჭოთა T-72, T-62 და T-55. OSINT პროექტის Oryx-ის მიხედვით, რუსეთის არმიამ დაკარგა მინიმუმ 3 235 ტანკი (ზოგიერთი მათგანის შეკეთება და სამსახურში დაბრუნება შეიძლებოდა).
ახალი ტანკების დამზადება ან ძველის შეკეთება სულ უფრო რთული ხდება კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საჭირო აღჭურვილობა რუსეთს ევროპიდან მიეწოდებოდა, თუმცა სანქციების გამო მიწოდება შეწყდა.
ამავდროულად, სტატიის მიხედვით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდების წყალობით. თუმცა, თავად საარტილერიო ნაწილები სწრაფად ცვდება და ზოგჯერ რამდენიმე თვეში გამოუსადეგარი ხდება.
The Economist-ის მიხედვით, რუსეთს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვს – მას შეუძლია ყოველთვიურად 25 ათასი ჯარისკაცის გაწვევა, ისე რომ ფრონტზე დაახლოებით 470 ათასი ადამიანი სტაბილურად იმყოფება.
“თუ არაფერი შეიცვლება, რუსეთის ძალებს შესაძლოა მოუწიოს თავდაცვითი პოზიციაზე გადასვლა ამ წლის ბოლომდე. შეიძლება ველოდოთ, რომ პუტინის ინტერესი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ გაიზრდება,” – ციტირებს The Economist-ი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსს მაიკლ გერსტადს.
ბოლო დროს ვლადიმირ პუტინი მართლაც ახსენებს შესაძლო მოლაპარაკებების თემას. კერძოდ, 14 ივნისს მან პირველად დაასახელა მათი დაწყების პირობები. მან განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუ უკრაინა გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების თანახმად, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16-ვე დრონი და სამი რაკეტიდან ორი ჩამოაგდეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი რაკეტისა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ მანამდე განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა. მისივე თქმით, ქალაქ ნიკოპოლში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, 51 და 60 წლის.
ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადა რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.
ხარკოვის ოლქში დაშავდა ქალი, მიზეზი დრონიდან საბრძოლო მასალის ჩამოვარდნა გახდა, წერს რეგიონის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.
კიევისა და პოლტავას ოლქების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს თავდასხმების შესახებ, დაშავებული არავინაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button