მნიშვნელოვანისიახლეები

2024 წლის დეკემბერში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, საყოველთაო არჩევის წესის ნაცვლად, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით მოხდება, რომელიც უმაღლესი ლეგიტიმაციით დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას და პროცედურას გულისხმობს. არჩევნები პარლამენტში გაიმართება და, კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ საკანონმდებლო ორგანო ადგენს საარჩევნო თარიღსაც.

საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით აირჩევს, 300 წევრისგან დაკომპლექტდება. კოლეგიაში შედიან პარლამენტის 150-ვე დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს – 20 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი – 21 დეპუტატი და მუნიციპალიტეტების საკრებულოების 109 წარმომადგენელი. პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს.
საარჩევნო კოლეგიას აქვს უმაღლესი ლეგიტიმაცია. რომელიც დაკომპლექტებულია შემდეგი პრინციპით: 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული ხმების გადანაწილებით, პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით. 2024 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, პოლიტიკური პარტიებისთვის მინიჭებული შესაბამისი მანდატებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებით.

პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარ ჯგუფს. პრეზიდენტის არჩევას სამასკაციანი საარჩევნო კოლეგიის ხმათა უმრავლესობა სჭირდება. კოლეგიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 ხმის გამოკლებით, 280 მანდატიდან 156-ს “ქართული ოცნება” ფლობს, 124 მანდატი კი სხვა პარტიებზეა გადანაწილებული. ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს, არც საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებას აპირებს.

ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი – უმრავლესობის ლიდერმა დღეს დაადასტურა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდი უკვე შეჯერებულია. დღეს სახელისუფლებო პარტიის წევრებმა კონსტიტუციის ის ნორმაც განმარტეს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის, პირველი სხდომის გამართვიდან, 45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტის ასარჩევად, კოლეგიის შემადგენლობის 2/3 ანუ 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან ხმების შესაბამის რაოდენობას ვერავინ მოაგროვებს, მეორე ტური ჩატარდება. საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნები სრულ თანხვედრაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან, არჩევნები უნდა ჩაინიშნოს არაუგვიანეს 2024 წლის 14 დეკემბრისა, ხოლო ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2024 წლის 29 დეკემბრისა. ასეთ შემთხვევაში, სრულად იქნება დაცული კონსტიტუციაში განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს პარლამენტი ნიშნავს და პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე, ცესკო მის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.

მისი განმარტებით, რა ვადებშიც არ უნდა განისაზღვროს და რა ვადებშიც არ უნდა ჩაინიშნოს, ცესკო კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით უზრუნველვყოფთ მის ადმინისტრირებას.

“კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე, ინსტიტუცია უზრუნველყოფს მის ადმინისტრირებას. როგორც იცით, პარლამენტს პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს ეს არჩევნები. შესაბამისად, რა ვადებშიც არ უნდა განისაზღვროს და რა ვადებშიც არ უნდა მოხდეს მისი ჩანიშვნა, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მის ადმინისტრირებას. როგორც იცით, ეს არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით, არა ელექტრონულით. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველყოფთ როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. რა თქმა უნდა, დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არა პირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც 300 ხმოსნისგან შედგება. აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომლებიც ითვალისწინებს კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ადმინისტრირებაში”, -განაცხადა გიოორგი კალანდარიშვილმა.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება “საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ერთგულება და სანდოობა ქვეყნის მიმართ.”

“მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ცოტა ადრეა ამ დეტალებსა და კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის უპირობო სანდოობა და ერთგულება ამ ადამიანის. ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთგულება ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენ რაც სალომე ზურაბიშვილზე გამოვცადეთ იყო ის, რომ ამ ადამიანს არ უყვარს თავისი სამშობლო და ყველაზე ცუდი სახით დაგვანახა საკუთარი თავი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ვნებდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ კანდიდატურა იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ერთგულება და სანდოობა ქვეყნის მიმართ. მე, როგორც ამ პროცესის ერთ მონაწილეს, ამ 300-ს ადამიანს შორის ერთ-ერთს, ვინც უნდა მივცე კანდიდატს, ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებ.

14 დეკემბრამდე უნდა იყოს არჩეული ახალი პრეზიდენტი, შესაბამისად, ხვალ უკვე ჩვენ გვეცოდინება, როდის ჩაინიშნება კონკრეტული თარიღი. ამ არჩევის თარიღამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, იქნება საგანგებო განცხადება, სადაც საზოგადოებას ვამცნობთ იმ არჩევანს, რომელზეც შეჯერდა “ქართული ოცნება.” საინტერესო დღის წესრიგი გველოდება, დეკემბერი დატვირთული იქნება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button