2025 წლის 1 იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატების ხელფასი 4624-დან 11 600 ლარამდე იზრდება
საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, დეპუტატების ხელფასები ფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ყოველწლიურ საბაზისო ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტს მიება. ამ კანონით დეპუტატებმა საკუთარ ანაზღაურებად კანონით დადგენილი ზედა ზღვარი განისაზღვრეს.
კანონპროექტის ინიციირებიდან მის მიღებამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დოკუმენტში ხელფასების საკითხზე ცვლილებები არაერთხელ შეიტანეს.
დღემდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო. კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით ის თითქმის ორჯერ, 8250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ხელფასი არა ორჯერ, არამედ ორნახევარჯერ უნდა გაზრდილიყო.
გამოცემა წერს, რომ პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასები ორჯერ ან მეტად იზრდება.
კიდევ უფრო მაღალი ხელფასია გათვალისწინებული პარლამენტის თამჯდომარისთვის; მისი მოადგილისთვის; კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის.
თუკი დეპუტატები კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის შესაბამისად გაიზრდიდნენ ხელფასს, პარლამენტის ყოველწლიური ხარჯი 5,7 მილიონით გაირზებოდა. ახლა ხარჯი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან, ყველაზე დაბალი — 11 680 ლარი (გადასახადების ჩათვლით) დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია. ყველაზე მაღალი ხელფასი კი — 14 600 ლარი — პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
ასევე, ბიუჯეტი გადაიხდის პარლამენტის წევრების სატრანსპორტო ხარჯებს, რომლის ლიმიტიც ყოველთვიურად 400 ლარია და დაფარავს ჯანმრთელობის დაზღვევასა და კომუნიკაციის ხარჯებს. კონკრეტული თანხების რაოდენობას პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.
Bm.ge-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო.
კანონით, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება.
მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება – მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 11 305 ლარი.
მომავალი წლიდან პარლამენტარების ხელფასები მიბმული იქნება „საბაზო თანამდებობრივ სარგოზე“, რომელიც ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1460 ლარია, რაც მრავლდება პარლამენტში 2024 წლის მარტში მიღებული კანონით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ კოეფიციენტებზე.