სამაშველო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან გვარდიის დანაყოფები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა,რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, მთავარი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები, რომლებშიც სამხედროები ჩაერთვებიან.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ გვარდიის დანაყოფები. ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ სამაშველო სამუშაოებში. დღეს ჩვენი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები და ამ სამუშაოებში, რა თქმა უნდა, ჩაერთვება ჯარიც. რამდენიმე საათში ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას.
ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რითაც ჩამოვლენ მომზადებულები, ასევე გვაქვს საფეხმავლო გასაშლელი ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში სამაშველო ოპერაციებს თავდაცვის ძალები შეუერთდება.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
პრემიერის თქმით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს.
“მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტიურად უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარული არის პრაქტიკულად, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანად არის დაფარული. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს მდგომარეობა გვაქვს ამ მომენტისთვის.
ჩვენ ასევე გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.