21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ სხდომა 1 კვირით 8 აპრილს 15 საათზე ჩაინიშნა.
სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.
როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ გააჩნია, რის გამოც შესაძლოა ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, ონლაინ მოხდეს მისი ჩართვა.
„ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, – განაცხადა ზვიად შარაძემ.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 2023 წლის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.