მნიშვნელოვანირეგიონი

230 ათასი ლარი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებებისათვის_თელავის მერია ახალ ხარჯს ითხოვს

230 ათასი ლარი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებებისათვის – თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბიუჯეტიდან ახალ ხარჯს ითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნა ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შევიდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ხარჯი დაუსაბუთებელია და კორუფციის ეჭვებს აჩენს.

საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილი ცვლილებებისათვის ხმის მიცემას არ აპირებს.

” ხარჯი არის სრულიად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი. ბოლო სამი წლის განმავლობაში 600 ათას ლარამდე დაიხარჯა საახალწლო მორთულობებში. ეს არის ან დაუდევრობა, ან კორუფციის ეჭვებს აჩენს. ნაძვის ხეც უნდა გვქონდეს და განწყობაც, მაგრამ არ შეიძლება გაჭირვებული თელავის მორთვა, უფრო ძვირი ჯდებოდეს, ვიდრე ევროპული ქალაქების. მე ვურჩევდი მერიას, რომ ეს ხარჯი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოახმაროს”- ამბობს გიგიტელაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ” ქართული ოცნების” წევრი, ალექნდრე შათირიშვილი რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს რომ უმრავლესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ აქვს.

” ერთიანი აზრი ჯერ არ გვაქვს. საკრებულოს კომისიებმა მხარი დაუჭირეს, თუმცა ჩვენ ჯერ ვმსჯელობთ. ამბობენ, რომ ნაძვის ხე დაზიანებულია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვარგისი აღარ არის და დასაბუთებულად ვიცოდეთ, რომ ეს ხარჯი გასაწევია. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, შეჯერება ჯერ არ მომხდარა”- განაცხადა შათირიშვილმა.

გასულ წელს, თელავის მთავარი ნაძვის ხის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ვარგისია თუ არა ნაძვის ხე და დაუჭერს თუ არა ბიუჯეტში ცვლილებას მხარს დეპუტატების უმრავლესობა, 31 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button