,,25 ნოემბერს მთავრობა დამტკიცდება ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს,,-ოცნება
25 ნოემბერს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მომავალ ორშაბათს, საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინოთ სამთავრობო 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავს პირველ სხდომას, პარლამენტი ცესკოს მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.
პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის მომდევნო კვირაში ჩანიშვნის შესახებ.
„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომ საზოგადოება უფრო და უფრო რწმუნდება, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მერი პასუხობს, რომ ამის განსაზღვრა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გააკეთებს განცხადებას, წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას, ეს პირდაპირ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.