25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს-პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც სავარაუდოდ მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები დაესწრებიან, შეიზღუდა მედიის მუშაობა. პარლამენტის გადაწყვეტილებით 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია – თითოეულ მაუწყებელს უფლება აქვს ადგილზე ჰყავდეს არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფისა. ონლაინ მედია და პრესა ამ სხდომას საერთოდ ვერ დასწრებიან – გადაწყვეტილებას პარლამენტი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საჭიროებით ხსნის.
პარლამენტის განცხადების თანხმად, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროტესტის მიუხედავად, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაწერილი დღის წესრიგით გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება, თუმცა, ვიდრე ახალი პარლამენტი სპიკერს აირჩევს, პირველ სხდომას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გაუძღვება.
უფლებამოსილების ცნობამდე, პროცესში ჩართული იქნება ცესკოც. სწორედ გიორგი კალანდარიშვილი გააცნობს პარლამენტს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის, საჭირო დოკუმენტებს გადასცემს.
ხვალინდელ სხდომაზე ცნობენ იმ დეპუტატების უფლებამოსილებასაც, რომლებიც საპარლამენტო მანდატის მიღებაზე ამ დრომდე უარს ამბობენ. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ზღუდავს მედიის მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში – “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო გამოსვლებისას 2024 წლის გაზაფხულზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქმედებდა “უსაფრთხოების ყვითელი დონე”, რაც იმას ნიშნავს რომ პარლამენტში მხოლოდ ტელემედია მუშაობს.
საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესის შემოღება საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, არსებობს სამი, წითელი, ყვითელი და მწვანე დონე. მწვანე დონეზე პარლამენტში ყველა ჟურნალისტი დაიშვება, წითელზე არც ერთი.