მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა ლაზარე გრიგორიადისი „სამიზნედ აირჩია, როგორც სიმბოლო“.

„ეს სასამართლო პირდაპირ არის მიბმული პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, ივანიშვილის რეჟიმზე. ივანიშვილის რეჟიმმა ეს ადამიანი ამოარჩია და მისი დემონიზება დაიწყო ბინძური, ამაზრზენი, შავრაზმული მეთოდებით. ჩვენი პრობლემის ძირი არის ხელისუფლების სათავეში. ეს სათავე არის ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გარემოცვა. ამ ადამიანებმა ლაზარე აირჩიეს სამიზნედ, ეს არანაირ კავშირში არაა იმასთან, რა ბრალდება აქვს. ის აირჩიეს სამიზნედ როგორც სიმბოლო. ყველა მათი მცდელობა, თქვან: „რა შუაშია, ვინ როგორია – ჩვენ დანაშაულს ვიძიებთ“, ეწინააღმდეგება მათივე პროპაგანდას, რომელსაც აწარმოებენ. სწორედ ამიტომ აქციეს ეს საკითხი პრინციპულ თემად ყველა წესიერი მოქალაქისთვის. ამას ეძღვნება ეს აქცია და პროტესტი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

„ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button