26 მაისს ვერ გააკეთებენ აქციას-სოზარ სუბარი “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებზე
26 მაისს დაანონსებულ აქციას “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეეგეები ვერ გამართავენ ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს. “ქართულ ოცნებაში“ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტები კანონის დარღვევას ეცდებიან, მათ წინააღმდეგ კანონი იმოქმედებს.
“ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია, რომ ვერ გააკეთებენ აქციას ეს ცალკე საქმეა, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში.
ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით ნუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების სურვილი, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს”,- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა მომდევნო მასშტაბური აქცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დააანონსა და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეჩერდეს “ნამოხვანჰესის” მშენებლობა და კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.
ასევე ითხოვენ, დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.