მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია-იუროვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების და რიტორიკის“ ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდა.

ამავე დროს, ის ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს, და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა.

8 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოკლე მოხსენებით წარდგა.

მან ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.

„ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია“, – განაცხადა იუროვამ.

მისი თქმით, არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

“26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცემს ხმას. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ის ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

გასულ დეკემბერს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს ძლიერი სტიმული იქნებოდა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა, “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, ხელახლა იქნა წარდგენილი და მიღებული.

სხვა წინადადებები, რომლებიც LGBTQI საზოგადოების სტიგმატიზებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ასუსტებს, ასევე წინ იქნა წაწეული. ამავდროულად, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა უფრო ხმამაღალი გახდა”, – განაცხადა იუროვამ.
კანონებს შორის მან ჩამოთვალა „აგენტების კანონი“, – ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც „მასობრივი პროტესტების მიუხედავად მიიღეს“, ასევე, ანტი-ლგბტ კანონი.

ვერა იუროვამ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება და განაცხადა: „ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას. თუკი ეს ზომები იქნება მიღებული, ეს შეეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ სურვილს და ევროკავშირის ღირებულებებს“.

მან გააკრიტიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც.

„ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, უსირცხვილო დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის.

ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს“.

ევროპარლამენტში 8 ოქტომბრის დებატებს მოსდევს ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციების კენჭისყრა.
ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button