“27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა”
ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, – ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა… ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართავს.
ჩიქოვანის თქმით, დღეს საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. “პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე, გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ამასთანავე, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 24 აპრილს მთავრობა ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, მოსახლეობა რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავს შეზღუდვებს, მთავრობას მით უფრო სწრაფად შეეძლება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.
„პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიმკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.