მნიშვნელოვანისიახლეები

27 დღე არჩევნებამდე-150 ადგილისთვის 2500 ადამიანი იბრძვის

საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს

ზუსტად 27 დღეში, საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს – ცესკოში სიები წარდგენილია, 150 ადგილისთვის 2500 ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ახალია, თუმცა ბევრია კარგად დავიწყებული ძველიც. არიან ისეთებიც, ვინც გამორჩათ და ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი სახელი და გვარი პარტიულ სიაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

“ქართული ოცნება”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი”, “ლელო – ძლიერი საქართველოსთვის”, “გახარია – საქართველოსთვის”, “გირჩი”, “ლეიბორისტები” – საარჩევნო მარათონში, ჯამში, 19 პოლიტიკური სუბიექტი ჩაერთო.

მეათე მოწვევის პარლამენტი საკუთარი ვადის ფინიშამდე მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელთა ადგილებს მალე სხვა მესაკუთრეები ეყოლება. ვაკანტური 150 მანდატია, თუმცა მსურველთა რაოდენობა – 150-ზე 16-ჯერ მეტი.

სანამ გაირკვევა, ვის ანდობს ამომრჩეველი ქვეყნის სადავეებს, გაირკვა, ვისზე დადეს ფსონი თავად პარტიებმა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავარი განაცხადი ჩააბარეს. 150-ის ნაცვლად 170 – ცესკოში ყველაზე ვრცელი სია “ქართულმა ოცნებამ” მიიტანა, მმართველი გუნდის ოცეული კი ცნობილი სიების წარდგენამდე გახდა. “ქართულმა ოცნებამ” პირველ ნომრად, პირველად, პარტიის დამფუძნებელი – ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

“ნაციონალური მოძრაობის”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ევროპული საქართველოს” ერთობა 155 კაცად დაჯამდა. სიის პირველი და მეორე ადგილი თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ დაიკავეს. მოქმედისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ქვემოთ მოხვდა ყოფილი თავმჯდომარე. სიაში ლევან ხაბეიშვილი მეთოთხმეტე ნომრად ჩაიწერა. 20-ეული “ნაცებიდან” წასულებმა და უკან მიბრუნებულებმა გაინაწილეს. სიაში უნებართვოდ მოხვდა აჰმედ იმამკულიევი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს ჩამონათვალიდან მისი სახელის ამოღებას სთხოვს.

ყოფილმა პრემიერმა საკუთარი გვარი ჯერ საკუთარი პარტიის სახელში ჩაწერა, შემდეგ – სიაში, პირველი ნომრის გასწვრივაც, თუმცა ჩამონათვალში, როგორც თავად თქვა, გამორჩა 2-3 კაცი, მათ შორის მეათე მოწვევის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

გამორჩენა – მალევე, არჩაწერით შეიცვალა. გაირკვა, რომ ცესკოში წარდგენილ სიაში მისი გვარი საერთოდ არ იძებნება, თუმცა ძალთა გადანაწილების ამ პროცესში ნაწყენი მხოლოდ დაუშვილი არ აღმოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ თქვა, რომ სიაზე უარი თავად განაცხადა. ყოფილი პრემიერის სიის მიღმა დარჩა ეკონომიკის ყოფილი მინისტრიც. გიორგი ქობულია ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ქობულია არა, მაგრამ გახარიას განახლებულ გუნდში აღმოჩნდნენ “ოცნების” ძველი სახეები, მათ შორის – ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი. სიაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ზაზა თავაძეც.

“გახარია – საქართველოსა” და “ლელოს” შორის პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ორ პარტიას ერთი საერთო მაინც აღმოაჩნდა – საარჩევნო სიის “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ძველი სახეებით დაკომპლექტება. “ლელომ” 108-კაციან სიაში, ლელო მამუკა ხაზარაძეზე დადო, თუმცა 108-ში ადგილი დემონსტრაციულად წარდგენილი ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისთვის არ მოიძებნა. სიის მიღმა დარჩა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.

საარჩევნო სია წარადგინა “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულმა, ძველი თანაგუნდელებისგან შემდგარმა ახალმა ალიანსმაც. “ახალმა” პირველ ნომრად ფსონი ნანა მალაშხიაზე დადო, მას ნიკა მელია და ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე მოსდევენ. თუმცა, ჩამორჩებათ ელენე ხოშტარია, რომელიც მე-16 ნომრად ჩაიწერა. სიის მე-11 ნომერია ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მაია კოპალეიშვილი. ჩამონათვალში არ არის ადეიშვილის კიდევ ერთი მოადგილე ნიკა გვარამია. მის სახელსა და გვარს რომ ამომრჩეველი სიაში ვერ ამოიკითხავდა – ეს საზოგადოებას თავად გვარამიამ უთხრა და მიზეზებიც აუხსნა.

პარტიების ნაწილი 26 სექტემბერს, სიების წარსადგენად, ცესკოში მივიდა, ნაწილმა კი ელექტრონული გზა აირჩია. მაგალითად “გირჩმა” – პარტიამ, რომელმაც სახელების გასწვრივ ნუმერაცია და სიის შემადგენლობა პრაიმერიზის გზით გადაწყვიტა. თუმცა, გადაწყვეტილებები დაუწუნეს კოლეგა ოპოზიციონერებს.

ოპოზიციას გადაწყვეტილებას უწუნებს პრემიერ-მინისტრი – ოპონენტების სიაში ძველი სახეები მთავრობის მეთაურისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიციას განახლების რესურსი არ აქვს.

არჩევნებამდე 27 დღე რჩება. პოლიტიკურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო სიები უკვე ოფიციალურად ჩააბარეს. 6 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი, რომელი პარტიაა უფლებამოსილი, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button