მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი ევროპას გამყინვარებით ემუქრება

რუსული გაზის გარეშე კონტინენტს გამყინვარება გაზპრომმა ვიდეორგოლით უწინასწარმეტყველა. ზამთარი რომ გრძელი იქნება, კრემლმა ჩვეული პროპაგანდით, საბჭოთა პოეტის სიმღერად ქცეული ლექსით ევროპელებს მას შემდეგ უთხრა, რაც მათ “ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით” გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ვიდეო, მილსადენში გაზის დინების ჩამკეტის ნულამდე გადაწევით იწყება, რის შემდეგაც მთელი ევროპა ცივი ზამთრის სუსხში ეხვევა.

ევროპელები შეშას იმარაგებენ და რუსული გაზის გარეშე პირველი ზამთრისთვის ემზადებიან. ახლა მთავარი გამოწვევა მიწისქვეშა მარაგების შევსებაა. მატულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტანკერებით გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტიც, თუმცა ევროპელებს მაინც ეშინიათ და ემზადებიან. შეშაზე, როგორც გათბობის ალტერნატიულ წყაროზე მოთხოვნა თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით იზრდება, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამ რესურსს უფრო მეტად იყენებენ. მაგალითად ბულგარეთში ოჯახების ნახევარი ზამთარში შეშას მოიხმარს, რომლის ფასიც სულ უფრო მეტად იზრდება პოლონეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც. ოჯახებისთვის წნეხის შესამსუბუქებლად, მთავრობები ექსპორტს კრძალავენ და უფრო მეტი ხის მოჭრის ნებართვებს გასცემენ.

ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსებით შანტაჟს განაგრძობს და აცხადებს, რომ გაზის სრულფასოვან მიწოდებას მხოლოდ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში განაახლებს. ექსპერტების ვარაუდით, რუსული ენერგომატარებლებისგან სრულ გათავისუფლებას, სულ ცოტა 2 წელი მაინც დასჭირდება. სპეციალისტების შეფასებით, კონტინენტი უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

ელექტროენერგია რომ შესაძლოა გაეთიშოთ ან გრაფიკით მიეწოდოთ, ამის შესახებ ფრანგები პრემიერ-მინისტრმა უკვე გააფრთხილა. ქვეყნის მთავრობა პირობას დებს, რომ მოქალაქეებს სახლებში ბუნებრივი აირი ზამთარში არ გაეთიშებათ, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში, შეზღუდვები შეეხება ბიზნესს და ასეთი ობიექტები ელექტროენერგიასთან ერთად გაზსაც გრაფიკით მიიღებენ. ბუნებრივი აირის კრიზისი საფრანგეთის გარდა ზამთრის პერიოდში შესაძლოა ევროპის არაერთ ქვეყანაში დაიწყოს. გერმანია, გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს. ქვეყანამ საჯარო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე უკვე შეამცირა და ქვანახშირის სადგურებიც გააცოცხლა.

მოსკოვმა ევროპის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროკავშირმა უკრაინასთან ომის დაწყების გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროპაში კი ბოლო კვირაა ბუნებრივი გაზის ფასის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 500 დოლარიან ნიშნულს უკვე გადააჭარბა.

…………..

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სულ მცირე ათი ქვეყანა ითხოვს, რომ ევროკავშირმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის დააწესოს.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს.

9 სექტემბერს მან ფეისბუკში დაწერა, რომ „გეგმა, რომელიც ფასების შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს გაზსადენებით მიწოდებულ რუსეთის გაზზე, სრულიად ეწინააღმდეგება ევროპისა და უნგრეთის ინტერესებს.“

გაზის მიწოდების შეწყვეტა ფართოდ მიიჩნევა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე პასუხად. მოსკოვს ბრალს სდებენ, რომ ის ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტას დასავლეთზე ზეწოლისთვის იყენებს.

უნგრეთი, რომელიც რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს აკრიტიკებს და უკანასკნელ თვეებში თბილად ექცევა მოსკოვს, ბუნებრივი აირის იმპორტის 80%-ზე მეტს რუსეთიდან ახორციელებს და სატრანზიტო ქვეყანაა დიდი სადენისა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ევროკავშირში რუსეთის ნავთობის მიწოდება.

7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, რასაც მან „სიბრიყვე“ უწოდა.

ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, მიმდინარე კვირაში თქვა, რომ რუსეთის იმპორტზე ფასების შეზღუდვის დაწესება არ არის სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილება მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზებას მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესების შესახებ, არიან იტალია, პოლონეთი და საბერძნეთი.

კრემლი იმუქრება, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას სრულად შეწყვეტს, თუ ევროკავშირის რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს. „ფაინენშელ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, რუსეთის გაზის მიწოდება ევროკავშირში დაახლოებით 80%-ით შემცირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button