3 სახის ულტიმატუმი, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელსაც თავად საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.
ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.
წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:
„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;
· ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.
ყველანაირი წინაპირობის გარეშე:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TVიმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
- მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდანენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
- არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი
· ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.
· წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რის გამოც პროკურატურა მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას.