მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. “ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს, ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ტრადიციულად, ამ დღეს მემორიალს მთავრობის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით ამკობდნენ და სანთლებს ანთებდნენ, თუმცა დღეს, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია ცარიელია. თბილისის მერიის მიერ 4 თვის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი, პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია შემოღობილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button