349 ხმით 42-ის წინააღმდეგ-აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act მიიღო

თბილისის დროით 6 მაისს, ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
პალატას ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს – 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.
საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.
ეს კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია.
კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი.
მოწინააღმდეგეთაგან კი – 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი. „მეგობარი აქტის“ ფორმალური დასახელება ასეთია: „[აქტი] საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც – ორპარტიული მხარდაჭერით.
ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა – სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე.
პალატამ კანონპროექტი მიიღო 6 მაისს, – როდესაც საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 160-ე დღე დაიწყო.
დღევანდელ კენჭისყრას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა წარმომადგენელთა პალატაში დებატები „მეგობარი აქტზე“.
დებატებისას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კანონპროექტის თანაავტორმა, აღნიშნა, რომ „155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად“.
სიტყვით ხუთი კონგრესმენი გამოვიდა – სამი რესპუბლიკური, ორი კი დემოკრატიული პარტიიდან.
ბრაიან მასტი – პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი, ფლორიდა;
ჯონი ოშესკი – დემოკრატი, მერილენდი;
ჯო უილსონი – რესპუბლიკელი, სამხრეთი კაროლინა;
სტივ კოენი – დემოკრატი, ტენესი;
უორენ დევიდსონი – რესპუბლიკელი, ოჰაიო.
ოთხმა მათგანმა სიტყვით გამოსვლაში მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის“ მიღებას, ერთი კი – რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი – შეეწინააღმდეგა.
აშშ-ის კონგრესის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერი MEGOBARI Act-ის მიღება მიესალმებიან.
კონგრესმენებმა სტივ კოენმა, ჯო უილსონმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვისიმ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი წარმოადგენს აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც „ბრძოლას აწარმოებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია ‘ქართული ოცნება’ დევნიან პროტესტის მონაწილეებს. MEGOBARI Act პირდაპირი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს,“ — განაცხადა კონგრესმენმა კოენმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და დემოკრატიულ წესრიგს. ასევე გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, თუ ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდება.
კონგრესმენების თქმით, MEGOBARI Act არის პასუხი რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გავლენაზე რეგიონში და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებზე.
აქტის მხარდამჭერი კონგრესმენების თქმით, საქართველო აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც „იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას“ და რომლებიც ქვეყანას ჩინეთსა და ირანთან აახლოებს.
„ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში“, – განაცხადა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.
შეგახსენებთ 2025 წლის 27 მარტს MEGOBARI Act აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.
დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.
10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI Act [S.868] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
თავდაპირველად, MEGOBARI Act ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.
ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.