36 აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ბრალდებით, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. “სააფთიაქო ნარკომანიას” და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
“გამოძიების მიმდინარეობისას დადგენილ იქნა, რომ ხსენებული 36 აფთიაქის მიერ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით (3 წლის განმავლობაში) პერიოდში, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, რეალიზებულ იქნა 14 590 866 ერთეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული – ფსიქოტროპული მედიკამენტი, რითაც, აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს ჯამში, 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.