36 დაღუპული და150 დაშავებული – ტერაქტი თურქეთში

36 დაღუპული და 150-მდე დაშავებული_ასეთია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი სამი ტერაქტის შედეგი. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

სროლა და აფეთქება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაიწყო. პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ხელისუფლებას ეჭვი ისლამურ სახელმწიფოზე აქვს.

თურქეთში საქართველოს საკონსულოში ამ დრომდე მოქმედებს ცხელი ხაზი. ათათურქის აეროპორტში დარჩენილი საქართველოს 33-მდე მოქალაქე ამ დროისთვის სასტუმრო დევმანში იმყოფება. ისინი ამ ელოდებიან საქართველოში გამოფრენას, თუმცა მათთვის უცნობია მოხდება თუ არა სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. როგორც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, ისინი ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ უშუალოდ აფეთქების ადგილთან. მათი ინფორმაციით, როდესაც აფეთქება მოხდა, ავია კომპანიამ მათ უარი უთხრა დაფინანსებაზე და განუცხადა, რომ საკუთარი სახსრებით უნდა მოეძებნათ ღამის გასათევი. ასევე მათი ინფორმაციით, მოგვიანებით საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები დაეხმარნენ და ისინი დააბინავეს აღნიშნულ სასტუმროში.

“მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება”, – ეს განცხადება, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ირაკლი კოპლატაძემ, გააკეთა.

კოპლატაძემ ამჟამად სტამბოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მისი თქმით, ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი. ირაკლი კოპლატაძე ამბობს, რომ ამ დრომდე საკონსულოში, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ელჩის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გაუქმებული რეისების და შესაბამისად სატრანზიტო მგზავრების გადაყვანის განრიგზე მუშაობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა შესაბამის ავიაკომპანიებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button