37 დეპუტატი ერთ დარბაზში და ონლაინში
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. თავად დეპუტატები კი, ადგილზე მაინც შეიკრიბნენ. მათ საკრებულოს სხდომათა დარბაზის ნაცვლად, მერიის, უფრო დიდი ზომის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, რათა სოციალური დისტანცია დაეცვათ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომას საკანონმდებლო ორგანოს 37 წევრი ესწრებოდა და მათ 4 საკითხი განიხილეს. მისივე ცნობით, დეპუტატებს ჰქონდათ პირბადეები და ხელთათმანები. დარბაზში შესვლამდე კი, ხელი სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეს.
ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან კარანტინია გამოცხადებული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოქალაქეთა თავშეყრის აკრძალვაა.
3 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 148 ადამიანი, აქედან, გამოჯანმრთელებულია 27. კარანტინის რეჟიმში რჩება 5550, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 281.