4 იანვარს უნდა შევიკრიბოთ კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამართვას 4 იანვარს, 18 საათზე ქვეყნის მასშტაბით 8 სხვადასხვა ადგილზე გეგმავს.
პარტიის აქციების პარალელურად, სხვა ადგილებში აპირებს აქციების გამართვას პარტიის წევრი და ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. დღეს, 3 იანვარს, მან თქვა, რომ 4 იანვარს ერთი აქცია გაიმართება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, მსვლელობით ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ, მეორე კი – შეკვეთილში, მის სახლთან.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი ინფორმირებული იყო ენმ-ის გეგმებზე და არ არის მართალი მისი განცხადება, თითქოს არ იცოდა 4 იანვარის აქციების შესახებ, რომლებზეც გადაწყვეტილება 31 დეკემბერს მიიღეს. ხვალ პარტიის ორგანიზებით აქცია თბილისში, მშვიდობის ხიდთანაა დაგეგმილი.
“პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ”, – ნათქვამია ენმ-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ტურისტულ ზონაში სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია და უფრო გამართლებულად მიიჩნევს მსვლელობას ივანიშვილის სახლის მიმართულებით.
პარტიის ცნობით, “სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის” აქციები 4 იანვარს, 18 საათზე შემდეგ ლოკაციებზე გაიმართება:
თბილისი – მშვიდობის ხიდი
ქუთაისი – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
ბათუმი – თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9
ზუგდიდი – ზუგდიდის იუსტიციის სახლთან
ოზურგეთი – ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში)
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, 4 დეკემბერს ასევე გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმშია, რაც საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ კლინიკა “ვივამედთან”, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის მძიმე. აღენიშნება ისევ ტემპერატურა 38-მდე. მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმში არის ეს ადამიანი ყოველდღიურად. ეს მდგომარეობა საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის, ყველა მოქალაქის სრული კონსოლიდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი 4 იანვარს დაგეგმილ მის მხარდამჭერ აქციას უყურებს როგორც „დიდ საერთაშორისო აქციას”.
„ინფორმირებული არის და უყურებს ამას, როგორც დიდ საერთაშორისო აქციას და მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც გამოიჩინა ინტერესი და ვინც ხვალ, მის მხარდასაჭერად მივა მსოფლიოს დიდ ქალაქებში და საქართველოში სხვადასხვა ლოკაციაზე,” – აღნიშნა ნაყოფიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ გლობალურ აქციას ექიმებიც უერთდებიან. ისინი ხვალ, 4 იანვარს 12 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
“ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ ექიმებს ეხება და ყველაზე კომპეტენტურები ამ შემთხვევაში ექიმები არიან. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ მას ძალიან ცოტა დრო დარჩა, სასიცოცხლო რესურსი ეწურება და დუმილი დანაშაულია, დუმილი კლავს. ზოგჯერ ევროპარლამენტარები, ზოგჯერ თვითონ ევროპის ქვეყნების ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ თუ სააკაშვილი მოკვდება ციხეში, ამ შემთხვევაში თქვენ ვერასდროს ვერ ეღირსებით ევროპულ ცივილიზაციას. აქედან გამომდინარე ეს არის ეროვნული ინტერესი ქვეყნის, რომ ის იყოს გათავისუფლებული ან გადავადებული სასჯელისგან. ამდენად მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას, იქნება ეს სასამართლო, თუ საქართველოს რეზიდენტი მოუწევს გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილის, ან სასჯელის გადავადება მისის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად”, – თქვა ექიმმა, ჰეპათოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მანანა ჯაბაშვილმა.
შეგახსენებთ, 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.