4 მილიონ 430 ათასი ლარით გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯი კახეთში

“კახეთის მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 5 164 საშტატო ერთეულიდან 6 059 საშტატო ერთეულამდე, მთლიანობაში 895 ერთეულით გაიზარდა. საუბარია 2014 -დან 2016 წლამდე პერიოდზე”, – ასეთ მონაცემებს აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
ორგანიზაციის ცნობითვე, საშტატო ერთეულების ზრდამ ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 369 ათასი ლარით, წლიურად კი, საშუალოდ 4 430 000 ლარით გაზარდა.
“საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუმცა, არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვაკანტურ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის შერჩევის შესაძლებლობას არ იძლევა და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.