4 ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა.
თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით – ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,- ამის შესახებ ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური პარტიის/კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ისინი აცხადებენ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა. პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, „გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები“.
„ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით ვიბრძვით ქუჩაში ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი საერთო სახელმწიფოს გადასარჩენად. თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.
შექმნული უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში.
ერთად მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები.
ჩვენი ბრძოლა საერთოა და ის ქართული დემოკრატიის და მისი ევროპული პერსპექტივის გამარჯვებამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.